სულის ხარაჩო
თქვენ არ იცით,
რა შეგრძნებაა როცა ჩიტივით დაფრინავ მთებს შორის
და ინერციით მისდევ მდინარეს აღმა…
თქვენ არ იცით,
რა სასიამოვნოა
ფრთებად გაშლილ ხელებზე
სწრაფი ქროლვის ცხადად შეგრძნება,
თქვენ არ იცით,
როგორია ალეწილი ლოყების სიმცხუნვარის ძალა,
არა სირცხვილის,
არამედ ქროლვის გამო ალეწილის …
თქვენ არ იცით ,
რა არის სიმსუბუქის წონა ამოდენა სიმძიმეში,
თქვენ არ იცით,
რა ცოტაა საკმარისი აღუვსებელის აღსავსებად…
და თუ ვინმემ იცის,
იქნებ სიზმრად მაინც გამომეცხადოს,
როგორც Მონათესავე სული,
რომ ასე მარტოსულად არ ვიგრᲫნო თავი
ადამიანებით კი არა,
ადამიანობით დაცლილ Სამყაროში…
ვიცი იფიქრებთ,
უკვე მერამდენე აფსურდს გვაკითხებსო,
ვიცი და გამკვირვებია თქვენი …
რატომ კითხულობთ ?
მე ხომ არ გეკითხებით
რა დაგიჯდათ ან რად,
ადგილი რომელსაც იკავებთ,
მე ხომ არ ვინტერესდები,
რამდენი ადამიანის ხელისგულზე ან მხრებზე დადექით,
აქამდე რომ მოგეღწიათ,
მე ხომ არ ვარკვევ
საიდან მოდით,
როგორ მოდით
და
ბოდიში და,
ფეხებზე მკიდია ,
საით მიექანებით ?
უბრალოდ ერთი მინდა გთხოვოთ,
ისიც უმორჩილესად და მოკრძალებით,
ნუ ცდილობთ ჩემთვის ხიმინჯების შეყენებას,
წაქცეული უფრო მყარად ვდგები ფეხზე,
ნუ მიგდებთ სამაშველო რგოლს,
იქნებ საკუთარ თავს ვცდი და არ მინდა დახმარება გადარჩენისას…
და მაშინ ,
როცა უნებლიედ მოვხვდები თქვენს სივრცეში ფრენისას,
როგორც გზააბნეული ჩიტი,
ნუ დახურავთ ფანჯრებს,
დახურულ სივრცეში ვიხუთები,
ნუ დამიჭერთ და მომეფერებით,
თავზე ხელის გადასმა ჩემთვის კისრის მოწყვეტის წინა პირობაა,
სახალხოდ ნუ მიმიხუტებთ გულზე,
ვაი, თუ თქვენი გულის ყალბად ცემა შევიგრძნო და სამადლობელო დაგიგვიანოთ,
ანაც ფეხქვეშ გაგითელოთ ამაგი…
(გამოაღეთ სარკმელები,
აიხადეთ ჭერი
და შემოირღვიეთ ღობეები) …
რა ვქნა,
ვერაფრით ვხვდები,
რატომ გსიამოვნებთ დახურულ სივრცეებში ყოფნა,
როგორ კმარობთ ჟანგბადისგან გამოფიტულ ჰაერს…
სხვაზე თუ არა,
იმაზე მაინც იფიქრეთ,
როგორ მტკივა სარკმლის მინაზე მიხეთქებული თავი თუ გული,
როგორ მეწვის თქვენს მიერ მუჭში მოქცეული ფრთები
თქვენს მიერ ჩარაზულ სივრეში უნებურად შემოფრენილს…
დავიჯერო,
ასე რთულია
სხვისი გადმოსახედიდან ყურება ?
და როგორ ფიქრობთ,
მე რომ მეწადოს,
მე რომ მინდოდეს,
მე რომ არ მაშინებდეს,
ვერ მოვძებნიდი ადგილს თქვენისთანების გარემოცვაში ?
განა მეც ვერ აღვიდგენდი შელახულ რეპუტაციას, რომ რამე ?
განა მეც ვერ მოვძებნიდი ისეთს,
ვისი ერთი სიტყვაც უსიტყვოდ დამსვამდა პედასტალზე?
მაგრამ ,
ხომ უნდა მიხვდე,
ხომ უნდა გაიაზრო
რომ ის,
რაც შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,
შეიძლება სასიკვდილოდ განმწირველი აარმოჩნდეს სხვისთვის …
ამიტომაც დაიმახსოვრე,
თუ შენს გვერდში ვდგავარ და
პოზიციებს გიმაგრებ,
ეს სულაც არ ნიშნავს
რომ შენთან ვარ ასოცირებული,
შენთან ვარ ათქვეფილი თუ გაიგივებული.
დიახ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებ და გთხოვ,
ნუ მჩემულობ,
ნუ მიგულებ,
ნუ მეყრდნობი ,
ვინაიდან იმდენადვე მოკეთე ვარ, რამდენადაც მოძულე …
ბრმად მხოლოდ ფრენა და ცურვა შემიძლია,
რადგან დარწმუნებული ვარ,
ფრენისას არავინ მომაწყვდევს მუჭში
და არც ცურვისას გამიბამს ბაგირს,
რომ სწორ ხაზსს გავყვე და გამოვყვე უსაფრთხოდ…
მაპატიეთ,
თუ იმედები გაგიწბილეთ,
მაგრამ ,
მე ხომ არაფერს დაგპირებივართ?
შემინდეთ,
თუ თქვენნაირად ვერ შევდექი,
მე ხომ არასდროს ვყოფილვარ სამაწყვნე რძე,
ერთი ციდა დედო რომ აყენებდეს…
Ჩემდა ჭირად და თქვენდა საუბედუროდ,
ვგონებ,
უფრო ჩიტის რძე ვარ,
შეიძლება უტოპიური,
არარსებული,
გამოგონილი,
მაგრამ მაინც ჩიტის რძე…
და ამიტომაც მომიტევეთ,
თუ კიდევ ერთხელ
საკუთარ თავს მოკარით თვალი ჩემს ნაწერებში,
მე ხომ არასდროს ვწერ კონკრეტულ ადამიანებზე
( გარდა კონკრეტული შემთხვევებისა ) …
ჰოდა,
თუ კი ჩვენს შორის ცოტა რამ მაინც გაირკვა,
თუ ჩვენს შორის რაღაცას მაინც აეხადა ფარდა,
ვითომც აქ არაფერიო,
გავაგრძელოთ თანაარსებობა …
…და დაე,
ჩვენმა არჩეულმა გზებმა მიგვიყვანოს მიზნამდე
და არა
სხვის მიერ გაკაფულმა თუ გამოცდილმა…
მერწმუნე ,
რაოდენ მყარიც არ უნდა იყოს,
ყოველთვის შეიძლება გიმტყუნოს სხვისმა ხიმინჯმა,
ვერც სხვის მიერ გადმოსროლილ მაშველ რგოლს მიენდობი ბრმად…
ვიცი,
რთულია,
მაგრამ უნდა ეცადო,
შენვე ააწყო შენი სულის სიმაღლე ხარაჩო,
რომ მასზე მყარად დაყრდნობილმა
ფეხაკრეფით აიარო და
კოჭებიდან მხრებამდე საკუთარი ხელით მოიხატო სხეული,
მიიბა ფრთები ან ფარფლები,
ყელზე მოიხვიო ქარზე ამოქარგული შარფი და
როცა თვალებამდე ახვალ,
საკუთარ თვალს ისე გაუსწორო თვალი,
რომ უფლება გგონდეს
სულთან მისვლასაც შეუთამამდე…
მანამდე კი…
მანამდე სხვა თუ ვერაფერი,
მე მაინც დამანებეთ თავი…





























