🌅თეთრი და ფერადი ლექსები
ფერადი ლექსები და ჰაერის ბუშტები
ღრუბლებში გამიფრინდნენ –
მოქუფრული ცის მოსახატად
გაიკრიფნენ.
ფერადი ლექსები და ოქროვერცხლა ყვავილები
არაგვმა წამგვარა – გავატანე,
მერე იმ ყვავილებით
ერთი უსახური, ჩანგრეული ფლატე
(ვისზედაც თურმე გული შევარდნოდა!)
სულ ნაპირ–ნაპირ ერთად ვავარაყეთ.
ფერადი ლექსები და ზამთრის ჩიტუნები
ბაღში შეიტყუეს, უგულოდ დაატყვევეს
მებაღემ და მისმა ჭორფლება ცოლმა,
მერე თოვლზე დამჩნეული კვალიც დამაყვედრეს.
ფერადი ლექსები და ჭრელ-ჭრელი პეპლები
მალ-მალე გამეყარნენ,
უმთვარო ღამით გაქრნენ.
ყველაფერს შეველიე,
გავერიდე,
მივატოვე,
რადგანაც გული მითქვამდა,
ცის თაღს როგორმე მოუხატავს არ ჩასძინებოდა,
არაგვს ის ფლატე არ დავიწყებოდა,
ხოლო ეს პეპლები – ეფემერები
არ გადაჯიშებულიყვნენ
და ვინმეს მათთვის
ერთი წლის სიცოცხლე არ ეწყალობა,
ბაღში ჩიტუნებს ზამთარშიც ეგალობათ!
შეველიე.
მიმატოვეს.
გამოვერიდე.
დავიტოვე მხოლოდ თეთრი ლექსების ღამე
და გამჭვირვალე ცრემლის ნამი ნაოჭთა შორის
იმათ სახსოვრად,
ვინც გავიმეტე,
თან გავატანე
ამოგლეჯილი სტრიქონები სულის და ხორცის.
3 ივლისი, 2012 წელი
































