„აფსნი“ აცოცხლებდა ლამაზ ზღვისპირა ქალაქს…
კინოთეატრი „აფსნი“ სოხუმის გამორჩეული კულტურული ადგილი იყო. ის „წითელ ხიდთან“ მდებარეობდა, მდ. ბესლეთის მარჯვენა ნაპირზე, ჭანბას ქუჩისა და თბილისის გზატკეცილის დასაწყისში. თითქმის ჩვენს უბანში იყო და ამიტომ მთელი „ტურბაზა“ მხოლოდ „აფსნის“ მაყურებელი იყო.
ფართოეკრანიანი კინოთეატრი იყო. საკმაოდ კეთილმოწყობილი, დიდი დარბაზით, რბილი სავარძლებით. ფოიეში სათამაშო აპარატები იდგა და ძალიან კარგი ბუფეტიც ჰქონდა უგემრიელესი კერძებით და ტკბილეულებით. ამიტომ მაყურებელი მხოლოდ ფილმისთვის არ დადიოდა „აფსნიში“: ბუფეტი მეორე და, ზოგჯერ, არანაკლები მიზეზი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ „აფსნის“ გარდა, პატარა სოხუმში კიდევ რამდენიმე კინოთეატრი, ყველა მაინც პრესტიჟული „აფსნისკენ“ მოემართებოდა.
ინდური ფილმების ბუმი იყო საბჭოეთში ერთი პერიოდი. ყველამ ყველა მსახიობზე თითქმის ყველაფერი იცოდა. როგორც კი ახალი ინდური ფილმის ჩვენების შესახებ აფიშა გამოეკვრებოდა კინოთეატრის წინ, ბილეთების შოვნას დიდი მოხერხებულობა სჭირდებოდა.
ვისაც გაუმართლებდა და პრემიერაზე მოხვდებოდა, შემდეგ მეზობელ-თანამშრომელ-უბნელებს „ასპოილერებდა“. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირა, „აფსნი“ გადაჭედილი იყო.
1989 წელს საბჭოეთში კინოთეატრებში გამოვიდა იმ დროისთვის მეტად თამამი ფილმი „ინტერგოგონა“. „აფსნი“ მაყურებელთა შემოტევებს ვერ უძლებდა. განსაკუთრებით თინეიჯერებისაგან, რომლებსაც დიდ ეკრანზე „აკრძალული ხილი“ – ის, რაც, თურმე „საბჭოთა კავშირში“ არ იყო – უნდა ენახათ. სამი სალარო ჰქონდა „აფსნის“. კვირების მანძილზე წარმოუდგენელი რიგები იყო. სკოლებში სასწავლო პროცესი იშლებოდა, რადგან მთელი სოხუმის ახალგაზრდობა „აფსნიში“ იყო ან იქ შეღწევას ცდილობდა.
ვინც ნახა ფილმი, მერე ისეთ ლეგენდებს ავრცელებდა ხალხში, რომ კინოთეატრს მაყურებელი არ აკლდა. წლების შემდეგ, ამ ფილმს რომ ვუყურე ტელევიზიით, გამიკვირდა, რას ვიკლავდი თავს სეანსზე მოხვედრისათვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე ნებისყოფა არ მეყო რიგებში დღეების მანძილზე დგომისა და, შესაბამისად, სოხუმური პრემიერაც არ მინახავს.
სოხუმელი პედაგოგებს დაევალათ „აფსნისთან“ მორიგეობა და მათი „უზრდელი“ მოსწავლეების გამოვლენა სამაგალითოდ დასჯის მიზნით. ჩვენი სკოლაც აქ იყო. შესაბამისად, მასწავლებლებიც. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს პირისპირ შევეჩეხებოდით ხოლმე, მაინც ისე ვიქცეოდით, თითქოს ერთმანეთი არ გვინახავს და ჩვენი სკოლაც „სამაგალითოდ“ გამოჩნდა, რადგან მისი მოსწავლეები თურმე „გარყვნილნი“ არ ყოფილან და „ინტერგოგონა“ სეანსზე არ დაფიქსირებულან. აი, ასეთი შეგნებული მასწავლებლები გვყავდა. თუმცა, „რუსო ტურისტო ობლიკო მორალე“ რამდენიმე რუსულმა სკოლამ მის მოსწავლეებს სამაგალითო დასჯა მოუწყო: ზოგი პიონერობიდან გარიცხეს, ზოგი – კომკავშირიდანაც.
ომის დროს „აფსნი“ დაიწვა. მთელს სოხუმს გულისტკივილი აღმოხდა: „აფსნი“ ხომ სოხუმის სიცოცხლის ერთ-ერთი წყარო იყო. „აფსნი“ აცოცხლებდა ლამაზ ზღვისპირა ქალაქს…































