✅ მივიღეთ „ლექსები“ გალაკტიონ ტაბიძისა, გამოცემა ტუტკუ გვარამიასი. წიგნს დართული აქვს ავტორის სურათი, მოკლე ბიოგრაფია და ივ. გომართელის კრიტიკული წერილი. წიგნი კარგათ არის გამოცემული და შეიცავს 192 გვერდს.
ასეთი განცხადებით ატყობინებდა მკითხველს ჟურნალ-გაზეთები 1914 წლის ზაფხულში ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პოპულარული პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის პირველი წიგნის გამოქვეყნებას.
⬇️
გალაკტიონის პირველ წიგნში („ლექსები“, ქუთაისი, 1914 წელი) 157 ლექსი შევიდა. კრებულში დაიბეჭდა „ხელოვნება“, „მიმღერე რამე“, „უსიყვარულოდ“, „გურიის მთები“, „სად?“, „უდაბნო“, „გეტერა“, „ორი ზარი“, „მესაფლავე“ და მკითხველისათვის დღეს უკვე კარგად ნაცნობი სხვა არაერთი ნაწარმოები.
საინფორმაციო ხასიათის განცხადებებს მალე კრიტიკოსთა გამოხმაურება-რეცენზიები მოჰყვა: გამოქვეყნდა 20-მდე სტატია.
გალაკტიონის პირველ კრებულს ერთი სახალისო ისტორიაც უკავშირდება.
1914 წელს თითქმის ერთდროულად გამოიცა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების წიგნი და ილია ჭავჭავაძის ნაწერების პირველი ტომი.
ვარდენ ყიფიანმა, „ღვანკითის შევარდენად“ ცნობილმა პოეტმა, რომელსაც ორივე წიგნის შეძენაც მოესწრო და გადათვალიერებაც, შეხვედრისას გალაკტიონს შეფარული ირონიით უსაყვედურა:
– რა ამბავია, ეს როგორი პესიმისტური წიგნი გამოგიცია, ან ეს ახალგაზრდობა რამ გააგიჟა, სულ შენს „მესაფლავესა“ და „მე და ღამეს“ გაიძახიან. ამდენი ცრემლის ღვრა თვალებს გაგიფუჭებს.
– ეგ რა წიგნი გიჭირავს? – პასუხის ნაცვლად ჰკითხა გალაკტიონმა. – შენი ლექსებია.
– მეორე? – ილია ჭავჭავაძისა.
– გადაშალე 111-ე გვერდი და წაიკითხე, – უთხრა გალაკტიონმა.
ვარდენმაც გადაშალა და წაიკითხა:
ვაჟკაცს ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როგორც გრდემლი.
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შეჰქმნა მარტო ცრემლი.
ამ დღის შემდეგ ვარდენ ღვანკითელს გალაკტიონის პესიმისტობაზე სიტყვა აღარ დაუძრავს.
































