საწოლიდან ადგომისთანავე საწოლს ნუ აალაგებ,
თუ არაფერი გაქვს დასამალი,
ცოტა ხნით მაინც პირღია დატოვე პირადი სივრცე.
შენს საწოლში მზე შეაწვინე,
ნიავი აბოგინე,
გააფიცხ-გაანიავე ქვეშაგები
რომ ყოველ საღამოს,
დღისით ათასი რუტინით დაღლილმა,
ზეწარზე მზის სითბო შეიმეცნო,
ყურთბალიშზე მისვენებულმა ნიავის მოტანილ ამბებს მიაყურადო და თავი არა ჩითის ზეწარზე ,
არამედ კორდზე წამოწოლილად იგრძნო…
განა ყველას ესმის
შპალერზე დახატული ჩიტის გალობა…
განა ყველას სტკივა ზეწრის კუთხეში უთოთი დამწვარი
და თან ნაკერში მოყოლილი
პეპლის ფრთები…
განა ყველას ძალუძს სხვის სულში კი არა
საკუთარში ხელის ფათური…
და თუ შენ ის ხარ,
ვინც არ უნდა იყო,
და თუ შენ გესმის ის,
რასაც არ უსმენენ ბევრგან,
დაანგრიე ყველა სტერეოტიპი,
დატოვე აულაგებელი ქვეშაგები,
გაუწმენდავ ფანჯრის მინებზე ატმოსფეროს მიერ შენთვის ამოფრქვეულ მტვრის ლაქებზე იმკითხავე და
დილის ყავა საწოლთან,
სიზმრის დამჭერის ქვეშ დალიე,
მერე იქვე დატოვე მეორე დილამდე პირღია,
რომ ღამით,
სიზმრის დამჭერში გაბმულ ცუდ სიზმრებს
ფერად ბუმბულებზე აუცდეთ
ფეხი
და ნალექიანი ყავის ჭიქაში ჩაცურდნენ…
შენ კი გაღვიძებისთანავე ადექი და
ყავის ჭიქა ჩააბრუნე…
მზია სალვარიძე





























