1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა ქართველმა პოეტმა – პაოლო იაშვილმა.
თვითმკვლეობამდე რამდენიმე წუთით ადრე პაოლო მწერალთა კავშირის სასადილოში ჩასულა და ვალი გადაუხდია – 7 მანეთი, სახლში კი ორი წერილი დაუტოვებია მეუღლის და შვილის სახელზე.
“ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედა!
მაპატიე, გემუდარები ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე.
არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა, ყველა ჩემი ახლობელი. მეტი წერა აღარ შემიძლია, შვიდობით მამიკო!”
საბჭოთა რეჟიმმა ეს არ აკმარა და ჯერ კიდევ სისხლშეუშრობელ პოეტს სასამართლო მოუწყეს:
“კონსტანტირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტრის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება, პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი. ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კონტრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე”.
ამის შემდეგ პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. ოჯახი აუწიოკეს, ხელნაწერები სახლიდან გაიტანეს, ახლობლებს საფლავზე ქვის დადების უფლებაც არ მისცეს.
წყარო: სიღნაღის საბავშვო ბიბლიოთეკა



























