ხომ იცი, ჩემი ჩვეულებრივი მელანქოლია როცა დამიპყრობს, ყველაფრის ხასიათი მეკარგება.
ბაკურიანში მომკლა ამ მელანქოლიამ.
აქ ათასგვარი გასართობებია, მშვენიერი ბუნება, სულ ფიჭვები და ნაძვები, როცა ტყეში გახვალ (ირგვლივ სულ უზარმაზარი ტყეებია) მშვენიერი სუნი სდგას, ჰაერი ფიჭვის სუნითაა გაჟღენთილი…
არიან მთები, საიდანაც დიდებული საყურებელია მზის ამოსვლა.
მე ვნახე მზის ამოსვლა ცხრა-წყაროს მთიდან, და დიდი ხნით მემახსოვრება იგი.
ათასი წყაროები და ნაკადულები, საღი ჰაერი…
ერთი სიტყვით, ყველაფერი, რომ ადამიანმა მართლა დაისვენოს.
მაგრამ ჩემთვის აქ თითქო არაფერი არ არსებობდა.
პარკში ყოველდღე ვთამაშობდით ისეთ გასართობებზე, როგორიცაა კეგლი, ლაონ-ტენისი, ლოტო და სხვ.
ეს მხოლოდ წყალწაღებულის ხავსზე მოკიდება იყო.
ეს გასართობები ისე მართობდენ, რომ მათზე შეჩერებაც არ ღირდა.
დრო და დრო ვაკეთებდი ექსკურსიებს წაღვერისკენ.
მინდოდა ბაკურიანიდან წაღვერში გადასახლება, მაგრამ იქ უფრო შფოთიანი ცხოვრება იყო, სწორედ ისე, როგორც ქალაქში და არა სააგარაკო ადგილზე.
ქალები კორსეტებით დადიოდენ, მამაკაცები გალსტუკებით და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქო ეს ხალხი სრულიადაც არ იყო ჩამოსული დასასვენებლად…
/სწერდა გალაკტიონი ძმას – აბესალომ ტაბიძეს 1915 წელს/
⬇️
ბაკურიანსა და წაღვერში ყოფნისას გალაკტიონმა არაერთი ლექსი შექმნა, მათ შორის სიმბოლისტური ლირიკის შედევრი „ალვები თოვლში“
⬇️
ალვები თოვლში
…
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
მოკრიალებულ ჰაერში ოდეს
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,
ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს
გადაზნექილი სიზმრების წელი!
მკრთალი ვარდები დაცვივა ხელებს,
ჩამოიშლება შუქი – პირ-ბადე
და უცნობ ღამის შორ საკურთხეველს
უნდა ვუხმობდე განთიადამდე.
სდგას გაყინულთა ოცნებათ კრება:
მთა თეთრი, როგორც მაღალი რაში…
და უჩვევ ნათელს ეალერსება
ჩვეულ სიცივის მძინარებაში.
/გალაკტიონი. 1915/



























