მკითხველი წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის შესახებ
„გალაკტიონი უცენზუროდ“
გალაკტიონ ტაბიძე უბრალოდ შესანიშნავი ქართველი პოეტი კი არა, შეიძლება ითქვას, ქართველთა იდენტობის შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა.
შეუძლებელია მისი სახელი არ გაგვახსენდეს იქ, სადაც ქართულ ლიტერატურაზე და, ზოგადად, ქართული ენის პოეტურობასა და მუსიკალურობაზეა საუბარი.
თუმცა, ცოტა რამ თუ ვიცით გალაკტიონის სხვა მხარეზე, თუნდაც, მის იუმორზე თუ იმდროინდელი კულტურული საზოგადოების მიმართ მის დამოკიდებულებაზე.
ეს წიგნი პოეტს სრული სისავსით წარმოგვიდგენს – მოთხრობილი ამბები დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს.
„ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები“, – ვკითხულობთ წიგნის ანოტაციის პირველსავე წინადადებაში.
სწორედ ამ ცენზურაგაუვლელ ლექსებში ვხედავთ პოეტის გაღიზიანებას, წყენასა თუ ცინიკურობას, შესაბამისად, მის ყველაზე გულახდილ პორტრეტს.
პორტრეტების ხსენებისას, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წიგნი გაფორმებულია თავად გალაკტიონის ჩანახატებით, რაც კიდევ უფრო ინტიმურს ხდის მკითხველის გამოცდილებას და გვიჩვენებს იმ ემოციებსა და დამოკიდებულებებსაც, რომელთა გადმოცემაც პოეტმა სიტყვებითაც კი ვერ მოახერხა.
/ავტორი: მარიამ პაიჭაძე/
გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing
საბა • SABA





























