მთვრალი მხედარი
ვინ იცის, იქნებ ამაღამ შევხვდეთ,
მთვარემ იხილოს ეს პაემანი,
ჩვენი ჩურჩული ვასმინოთ ვერხვებს,
არც ისე ჩუმი, არც ნამეტანი.
მერე ლექსებზე ვიფიქრო ისევ,
წიგნს როგორ ვწერდი მონატრებისას,
ახლა პეპლებად სიხარულს ვისევ,
რომ ერთად ყოფნა ისევ გვეღირსა.
ვერ გავამტყუნებ მგოსნებს სავსებით,
მათი ლექსები წლებს რომ შემორჩა,
ალბათ მათ გულებს ისე ავსებდი,
ტრფობით სნეული ლექსით ვერ მორჩა.
მათ დროსაც ალბათ იგივე მთვარე,
დაცურაობდა უძირო ცაში,
ვერხვები იყო მუზების მხარე
და მონატრება უბელო რაში.
დააჭენებდნენ ოქროს ფაფრებით
და მათზე ნდობა იყო მედგარი,
დადუღებული ლექსით დავთვრები,
მოგეახლები მთვრალი მხედარი.
უნაგირიდან მიწას დავეშვა,
შენამდე თუნდაც ბარბაცით ვივლი,
დედამიწაზე სვე- ბედს არ ეშვა,
მთვრალი მხედრებით შემდგარი წყვილი.
ვინ იცის, იქნებ ამაღამ შევხვდეთ,
მთვარემ იხილოს ეს პაემანი,
სულ თქარათქურით დაიფრენს ვერხვებს,
სიყვარულისთვის ჩემი მერანი.
გაჭენებული ოქროს ფაფრებით
ჩემს გზებს ეხლება იღბლის მწვერვალი,
დადუღებული ლექსით დავთვრები,
მოგეახლები მთვრალი მხედარი.
ნათია ჯიმშელეიშვილი ლექსები































