ჰაერში აღარ ტრიალებს სითბო,
და მზეც აღარ ჰგავს
მიწაზე დამრჩენს,
გაწვიმდა ისე ფრთხილად და თითქოს,
მხოლოდ მახვილი თვალი რომ ამჩნევს.
ფიქრის მნახველი ახლა ვინ არის
სევდას ვინ ისმენს ათასგვერდიანს,
სადაც
ბავშვობის ყველა სიზმარი
არის ღიმილი
და ტრაგედია.
გახშირდა წვიმა თითოდ და თითოდ
სახლში არ ცივა
დუმს ყველა ნივთი,
და ყველაფერი ისეა ვითომ
ერთი შეხედვით,
- როგორც ჩანს სხვისთვის…
მხოლოდ შენ იცი ან უკეთ შენზე
ვინ იცნობს ჩემს ხმას
უთვალავ ხმაში,
ვწერ სანამ ვხედავ შენ როგორ
მეძებ,
და სიტყვა-სიტყვა
მაბრუნებ სახლში.
მე ვეღარაფრის შევძელი შეცვლა,
შენ ჩემი წილი ღელვაც იღელვე,
მაინც რამხელა ეგონათ ეს ცა
მაგ შენს
თვალებში მცხოვრებ
ფრინველებს.
ვიძახი მშვიდად…
იყოს რაც არის…
სანამ ამ უხმო ღამეებს უძლებს,
შენს მშრალ თვალებში ჩამდგარი ქარი,
და ფანტავს ჩემში მოგროვილ ღრუბლებს…





























