Temo Tchakhnakia
მიძღვნითი ლექსები
მიძღვა მიეკუთვნება სახოტბო პოეზიის ჟანრს, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს მსოფლიო ლიტერატურაში და ოდისა და დითირამბის სახელით არის ცნობილი. ეს მიმართულება ჩემთვის რამდენიმე წელია წარმოადგენს ინტერესის საგანს. ვგულისხმობ გამოჩენილი მოღვაწისადმი ხოტბის შესხმას, მწერლის, მხატვრის, მეფის თუ გმირის. გვაქვს სიცოცხლეში მიძღვნები და ამავდროულად გარდაცვლილზე დაწერილი საქებარი ლექსებიც ხსოვნის პატივსაცემად, სადაც ვიპოვით გულწრფელობასაც და პირმოთნეობასაც.
50-მდე ლიტერატურული კონკურსი გამოცხადებულა ამ საუკუნეში ჯერ-ჯერობით, თუმცა აქამდე არ მინახავს ისეთი შინაარსის პროექტი, სადაც კონკრეტული მოღვაწისადმი მიძღვნილ ლექსს იღებდნენ.
ერთი თვეა, რაც “ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა” გამოაცხადა ილიასადმი მიძღვნილი ლექსების კონკურსი “ილია თანამედროვე პოეზიაში”, რაც მისასალმებელია. ცნობისთვის, დარჩენილია ერთი თვე.
დავინტერესდი ამ თემით და გასულ საუკუნეში, ლიტ. პერიოდიკაში დაბეჭდილი 100-მდე მიძღვნა ვიპოვე, ვერაგულად მოკლულ ილიაზე უდავოდ ორჯერ მეტი იქნება დღემდე დაწერილი. ავტორთა 90%-ის გვარ-სახელები დარწმუნებული ვარ, როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვისაც უცხოა, მათი ლექსები კი სუსტი.
დიდ ადამიანზე ხარისხიანი ლექსის მიძღვნა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, ტრივიალური ტექსტის დაწერას თავშეკავება და ამით მეტი პატივისცემის გამოხატვა სჯობს. იმ ფონზე, როდესაც ამდენი ლექსია დაწერილი, დუბლირებები რომ არ გამოგვივიდეს, რისი დიდი რისკიც არსებობს, სჯობს სხვათა ნაწერებს მეტ-ნაკლებად გავეცნოთ და განსხვავებული ასპექტით დაწერილი ლექსი შევთავაზოთ მკითხველს.
მიმძღვნელთაგან 30-მდე პოეტია ჩემთვის ცნობილი, მათგან ნახევარს აქვს საკადრისი და ლიტერატურულად ფასეული მიძღვნები ილიასადმი. ყველაზე მეტჯერ არის დაბეჭდილი კოლაუ ნადირაძის მიძღვნა “წიწამურიდან საგურამომდე”, რომელიც პირველად 1940 წელს დაიბეჭდა ჟურნალში “ჩვენი თაობა”. კრიტიკოსი დიმიტრი ბენაშვილი (“კრიტიკული ნარკვევები”, ტომი I, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, 1967 წ.) წერდა: “თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ჩვენ არ გვეგულება მეორე ლექსი წიწამურის ტრაგედიაზე, რომელიც თავისი მხატვრული წარმოსახვის ძალით შეედრებოდეს კოლაუ ნადირაძის დასახელებულ ნაწარმოებს. პოეტური ექსპრესია, ემოციური სიმძაფრე, ბუნებისა და საგნების პალისტიკური ექსპრესია, ტექსტიდან და ქვეტექსტიდან აღძრული რომანტიკული განათება, იდეური მიზანსწრაფვა ისეთი სიმაღლეებს აღწევს, რომელზედაც ჯარ არ ასულა ამ თემაზე დაწერილი არც ერთი ლექსის არცერთი ავტორი. ლექსი “წიწამურიდან საგურამომდე” დიდ სივრცეებზე გაწვდილი ხმაა, რომელიც გაუძლებს საუკუნეებს.”
გალაკტიონი 1920
ლადო ასათიანი 1936
ნიკო სამადაშვილი
სიმონ ჩიქოვანი
კოლაუ ნადირაძე 1939
გრიგოლ ცეცხლაძე 1948
ოთარ ჭელიძე 1957
გაბრიელ ჯაბუშანური 1962
არჩილ ფირცხალავა 1962
მუხრან მაჭავარიანი 1957,1973
ზურაბ გორგილაძე
ბადრი თევზაძე 1982
დავით მაღრაძე 1983
ნოდარ ჯალაღონია 1985
გიზო თავაძე 1986
დავით ჯანაშია 2003
შოთა ზოიძე 2006
სერგო წურწუმია
მურმან ჯგუბურია 2007
ია სულაბერიძე2007
ანზორ აბულაშვილი 2007
ბელა ქებურია 2010
ბათუ დანელია 2016
რეზო თებიძე 2020





























