ბათუმო
შენ, ჩემო ქალაქო, ისე პატარა ხარ,
ცალკეულ ქუჩებზე იწყები ახლიდან,
გიდგავარ, მანამდეც შენს მხარში ვიდექი
სანამ მტერ-მოყვარე ტყვიას დამახლიდა…
Შენ, ჩემო ქალაქო, შენ , ჩემო ბათუმო,
იესოს უბევ და მაჰმადის სანჯაყო…
რა ჯანღი შეგყრია უფალთან ფეხმორთხმულს,
ისედაც მკერდმცირე, გოჯებად რამ დაგყო?
Შენ, ჩემო საგულევ, ულევ მარგალიტად
ფენილო, წვიმის და მზის დისკოს ქალაქო,
ის რომ, გარონინებს ყოველი თვალებით
და ხელჩაკიდული გატარებს, დავმალო
თუ მოვყვე და ლექსი სასმისად დაგისხა ,
ან ჭერში გამოვკრა მოსირმულ ქისებით?
გშორდეᲑი, ვიცლები თითქოსდა სისხლისგან,
მოგეახლები და ახლიდან ვივსები…
ბათუმო, თუ გნებავს მკერდს გული მომადე,
გუშაგად გიდგავარ სამშვენს და
სამშვინველს,
Შენს ფერხთით გართხმულს და შენს ირგვლივ მოზარეს
პირობა მომეცი, რომ არ გამაშვილებ
ვითარც ამოფრენილს დუშმანის უბიდან,
ვითარც გასამარგლ და მოსასრებ ნარ-ეკალს,
შენი ტაძრის კარზე ზვარაკად მოყვანილს
გჯეროდეს, ცხვარივით ვერავინ გამრეკავს
შენ, ჩემო ქალაქო, სამშობლოს კალთაზე
ნაქარგო, ნაკემსო არშიად მაკრამეს,
იკმარე, რა ჯვარიც ატარე აქამდე
და რაც ჩვენ ვატარეთ , დე, ისიც გვაკმარე !





























