ვახტანგ ღლონტი
თქვენ,ვისაც თქვენზე ბედნიერი გეგონეთ მუდამ,
ღალეთ ღმერთიც და ანტიღმერთიც,ჩემზე ბეზღობით;
გფარავდეთ ბუდა – მაღლა,ჭერში – ეს აბლაბუდა,
სადაც ებუდა ბუ და ბნელში ვისაც ეწყობით.
კი არ გადავრჩი,რაც საეჭვო იყო ისედაც,
გადავრჩი დიდი გამარჯვებით…რაკი გადავრჩი,
არ ვიმჩნევ – თითქოს სათამაშო გველებს მისევდა
ეშმა,მარჯვედ რომ მოჯდომია ჯვრის ხეს კატარში.
მე,შემიძლია,ჩემს მტრებს ახლა დედა ვუტირო,
თუმც მიშლის ციდან მშობლიური – ,,რას მორბოდი შინ?!“
პატიებას ხომ სისუსტეში გვითვლის უტვინო,
ვაწვალებ ჩახმახს,თუმც ბოლოში ვმარცვლავ – ,,ბო-დი-ში…’’
ეს ხეიბართა ამბოხია,ზავის პირობას
რომ არ სცნობს,- ორში უნდა მოვკვდეთ ერთი მათგანი;
ისე დამღალეს,ვერ ჩავუთვლი ჩემს თავს გმირობად,-
კიდევ ერთ ხვადაგს თუ შევაბი ფეხზე ბატკანი.
სახელი იყო,ერთადერთი,რაც აქ ვიშოვე,
ძვრა რომ ვერ უყო,თუმც არარამ რა არ მოროტა…
კვლავ აკონსპექტებს ბრბო ეშმაკის სავარჯიშოებს,
,,კბილი კბილის წილ!’’- მსურს შევძახო ბოროტს ბოროტად –
,,ძველი აღთქმიდან’’, ვიდრე მივალ ,,ახალ აღთქმამდე’’,
განუახლებლად დავძველდი და თავ-გზაც მერევა;
ან სხვა რა გზა მაქვს – მე ჩემს სიკვდილს რომ არ დავთანხმდე,
რადგან ყველასთვის მისაღები ამის მერე ვარ!..
ვახტანგ ღლონტი,2023 წელი





























