უქმე
ჩემს აბურდულ თმებში
უფრო ადვილად გაატარებ თითებს,
ვიდრე ტარტაროზს გამოდევნი ჩემი სულიდან.
ნუ ეძებ ჩემში წარწყმედილ მგოსანს,
ნუ მმოსავ დაფნით,
ნურც მაჩეჩებ ხელებში სკიპტრას,
რაც უნდა გეთქვა სააქაოს კარნავალებზე,
საიქიოს ბალებზე ითქვა…
ახლა ვერაფერს გამომაპარებ!
ნუღარ მოცდები საუბრით ღმერთზე,
ეზოთერიკაც დაივიწყე,
სად შენ და სად რეალობის განსაკუთრებული აღქმის უნარი?
შენ ახლა უნდა იცოხნიდე,
ძოვდე ცხვარივით
და მე ვალივით გაბრუნებდე ,
ანაც რვალივით გადნობდე რომ
არა სარეკელ ზართა,
არამედ ეჟვანთა ჩამოსხმა შევძლო,
რომ სათითაოდ დაგკიდოთ შენ და შენნაირებს,
ანუ ერთი სიტყვით ყველას,
ვისი შველაც დაგვიანდა და პირუტყვებად იქეცით .
იქნებ, ღმერთმა ასე მაინც გაგიგონოთ
და გიხსნათ საკუთარი თავებისგან,
რომ მე,
ჩემი აბურდული თმებით,
აწეწილი ნერვებითა და
ტანზე მოხვეული მიტკლით სამოთხის გზას გაყოლილმა,
ეს მიტკლის სამოსი,
მტკაველ-მტკაველ ჩიტებით მოვიხატო,
ყვავილებად ავისურნელო,
ხორშაკად შევიხურო,
ტვირთად ვათრიო,
რომ სამოთხის კართან მისულმა,
როცა ნატვრის ხეზე გამოსაბმელად ტანისამოსის ფხრეწას დავიწყებ,
მოშიშვლებულ სულში შეყუჟული
არა უფლის ჩიტი,
არამედ ტარტაროზი გადავარჩინო
და უფლის ფეხებთან მორთხმით მყოფმა,
ჩემი ცოდვების მიტევება ვითხოვო…
რადგანაც დარწმუნებული ვარ,
მხოლოდ ის გაუგებს
ჩემი ეკლების სიგლუვესა და ბამბების ჩხრიალს…
მხოლოდ ის თუ მიიღებს ლოცვად ჩემს ხავილს
და მე,
არა ხვალისთვის გადადებულ,
არამედ დღეს მისახედ საქმესავით მომხედავს
და თქვენს დარად არასდროს მოიმიზეზებს უქმეს…





























