Niaz Zosidze
,,დედაბრული დამწერლობა”
,,დიდნენეს ანბანი”
,,ჩიტის ენა”…
…ოსმალომ აჭარელ ქალს სახეზე ჩადრი ჩამოაფარა…
…და, დამწუხრდა ჩადრში გამოხვეული ,,გურჯის ქალი”…
…და, დაიწყო ჯოჯოხეთი, კარჩაკეტილობა, სიბნელე, სიბეჩავე, უსულგულობა, ცრემლიანობა, გასახლება, უიმედობა…
…სკოლა-არა, მასწავლებელი-არა, ქართული დამწერლობა-არა…
…ქართული ენა, ,,გიაურის ენა მოიშალა ბაგეთაგან”…
…მეტყველებაში იჭრება ოსმალური სიტყვები…
რა ქნას ჩემმა ნენემ, როგორ შეეხმიანოს ნათესავ-მოკეთეს, როგორ შეუთვალოს სალამ-ქალამი, როგორ მოუყვეს თავის ბედ-უბედობაზე?
…და, პოულობს გამოსავალს, იგონებს მისებურ დამწერლობას, დღეს რომ მეცნიერ-ლინგვისტები ,,დედაბრულ დამწერლობას” უწოდებენ, ზოგნი ,,დიდნენეს ანბანს”, ზოგნი კიდევ, ,,ჩიტის ენას”…
…და, 300 შავი წლის მიუხედავად, გადარჩა ქართული ენა-ანბანი…
…და, ყველაფერი ეს, ჩვენებური, აჭარელი დედის, ანუ ნენეს დამსახურებით…
და, ამიტომაც, გასაკვირი არ უნდა იყოს თუ ქართული ენის აჭარული დიალექტი განსაკუთრებით მიყვარს, კილო-კავი, რომელიც ხშირად არქაულს უფრო უახლოვდება, ანუ აკაკი შანიძის თქმით, ,,აჭარულ დიალექტში უხვადაა არქაული ანუ დავიწყებას მიცემული მასალაო”.
აჭარული დიალექტის ბრწყინვალე მცოდნის, ქართული ფილოლოგიის ერთ-ერთი პატრიარქის, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკადემიკოს ვარლამ თოფურიას მოსაზრებას კიდევ ერთხელ გავიხსენებ:
,,აჭარული კილო ქართული ენის ერთ-ერთი უძველესი და უაღრესად მნიშვნელოვანი კილოთაგანია…მასში უხვად დაცულია რუსთველისდროინდელი ლექსიკა”, ,,… დედაენა მტკიცედ დაიცვეს, რაც აჭარელ დედათა განუზომელი დამსახურებაა”…
პროფესორი იოსებ მეგრელაძე, ასევე აჭარული დიალექტის უბადლო მცოდნე:
,, აჭარული კილო განსაკუთრებით საინტერესოა ლექსიკურად. მასში ძველი ქართული ენის არაერთი ისეთი სიტყვაა შემონახული, რომლებიც ახალ სალიტერატურო ქართულში აღარ იხმარება…” მისი მოსაზრებით, აჭარული ლექსიკა პარალელებს პოულობს ,, ვეფხისტყაოსანში”…
და, ამიტომაც ნენევ! ,,შენ ხარ ლამაზი, ხარ უკვდავი, ვით დედა-ენა!”…
აგერ კიდევ, მე, რომ დიალექტები მომწონს:
ყინტავრი—ძალიან ცივი, პაწაწვანი—ძალიან პატარები, დაზმანება—დატოლება, გადაწინდული—დავალებული, დაანკარება—დაწმენდა, მოჭურღულებული—აღუღუნებული, დაყურება—მოსმენა, მაპირებელი—-ხელისმთხოვნელი, პარტყალი—ენატიკტიკა,
ჯიჯგვება—მუშტის ჩარტყმა…

ნიაზ ზოსიძე



























