
ზღაპრის ბოლო კეთილია?!
(ნამდვილი ამბავი)
მანანა დუმბაძე
სულ ერთი წელი დააკლდა, არადა თავისუფლად შეეძლო ამ დღემდე ეცოცხლა და თავაწყვეტით ეზეიმა 26 მარტის საყოველთაო ბედნიერება. შარშან, ამ დროს, დედამიწაზე ჯერ კიდევ ყველაზე ჯანმრთელი კაცი მეგონა. ბაკურიანში 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის (პირველად საქართველოს ისტორიაში) სათხილამურო ტრასა გახსნა. ამას ისრაელში ტელევიზიით ვუყურე. სულ ერთი წლის წინ…
ახლა მარტო ვარ სახლში და ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მატჩს მარტო ვუყურებ. ტელევიზორში ვარ შემძვრალი. ტაბლოზე 0:0-ია. დამატებითი დრო ჩაირთო. ორივე ყბა ისე დამეჭიმა, მგონია, ყველა კბილი ერთად ჩამემსხვრევა. ანტიკვარულ „ბუფეტზე“ ვადიკას გადიდებული სურათი და პატარა სასანთლე დევს.
ვადიკა უდარდელად იღიმება.
- ახლა წესით სტადიონზე უნდა ვიყოთ, ნუ შენ ხომ – ასიანი…
- აბა შენ სად გგონივარ? – ჩამესმის ვადიკას ხმა, თვალს მიკრავს სურათიდან და ისევ მიღიმის.
- არა, ასე არ შეიძლება, მორჩი ახლა… – ხმამაღლა ვეუბნები საკუთარ თავს. ვცდილობ ყბა გავხსნა.
- დაიცა! – ბუხარზე იტალიაში, ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დანთებული სანთელი მიდევს და კრიტიკულ მომენტებში ვანთებ ხოლმე. სანთელი ვადიკას სურათთან პატარა სასანთლეში გადამაქვს და ასანთს ვუკიდებ. ტაბლოზე ისევ 0:0 -ია. დამატებითი დროც ილევა.
- ვადიკ, დღეს შენი დღეა, დღეს შენი თამაშია, უნდა მოიგო… ვადიკა მიღიმის, თითქოს ეჭვი არ ეპარება მოგებაში. სანთელი აგიზგიზდა.
ტაბლოზე 0:0. პენალტები დაინიშნა. თვალწინ მიდგას მოედანზე წაქცეული ბუდუ ზივზივაძე მაინც რომ იბრძვის, მიხოხავს და თავით მიაგორებს ბურთს თავისიანებისკენ. ამას არ შეიძლება ღმერთი არ ხედავდეს.
გვიშველე უფალო!
1994 წლის ივნისია. მსოფლიო, რიგით მე -15 ჩემპიონატი ფეხბურთში აშშ-ში იმართება, მატჩები თითქმის ყველა დიდ ქალაქშია დანიშნული: ლოს ანჟელესი, სან ფრანსისკო, დეტროიტი, ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, ჩიკაგო, ორლანდო, ბოსტონი, ვაშინგტონი, ლას ვეგასი, მაიამი, ატლანტა …. ჩვენ სამხრეთული შტატ მისისიპის პატარა ქალაქ ოქსფორდში ვცხოვრობთ – უილიამ ფოლკნერის მშობლიურ ქალაქში, საიდანაც დიდ მწერალს არასდროს ფეხის გადგმა არც უფიქრია, ნობელის პრემიის მისაღებადაც კი. შვედეთში გაგლეჯილი მთვრალი მოტყუებით წაიყვანეს ახლო ნათესავებმა.
პატარა ოქსფორდში ჩემპიონატის არცერთი მატჩი არ მოიაზრებოდა. მე ეს ამბავი დიდად არ მაწუხებდა, მაგრამ აქ ხომ ვადიკაა, სულით, ხორცით, ცხოვრების წესით და მსოფლმხედველობით „დიდი მოფეხბურთე, მოთამაშე მწვრთნელი, ანალიტიკოსი და ქომაგების ქომაგი“. საბრალო ვადიკა, რომელიც „აქ და ახლაა“, ოქსფორდიდან ფეხს ვერ იცვლის და ღვთით ბოძებული შანსის გამოყენებას ვერაფრით ახერხებს… იცოცხლე, ტელევიზორი კი გვაქვს დიდი – თითქმის კედლის ზომა. ვადიკა რომ ფეხბურთს უყურებს ხოლმე, მგონია რომ სტადიონი ჩვენს ბინაში გადმოიტანეს. ამიტომ, სხვა ოთახში გავდივარ, ანუ, ის მინდა ვთქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც იგივე ბედი მეწევა. ვადიკამ მატჩებს სწორედ ამ ტელევიზორში უნდა უყუროს, შესაბამისად, მე, 17 – ივნისიდან 17 ივლისამდე სადმე სხვაგან უნდა გადავსახლდე.
იმ დილას, ვარჯიშიდან დაბრუნებულ ვადიკას ხელში ოქსფორდის, ყოველდღიური, უფასო გაზეთი „Oxford Eagal” ეჭირა. ცელოფანის პარკში გახვეულ ამ გაზეთს ფოსტალიონი ყოველ დილას ჩვენი ეზოს გაკრეჭილ მოლზე აგდებდა.
- ამ გაზეთს სპორტის განყოფილება აქვს? – პირველად დასვა ვადიკამ ასეთი კითხვა.
- ალბათ აქვს, ეს მისისიპის შტატის ერთ-ერთი უძველესი გაზეთია, რომელშიც ფოლკნერი ჯერ ამწყობად მუშაობდა, მერე უბრალო რედაქტორად. მისი ცნობილი მოთხრობებიც ამ გაზეთში იბეჭდებოდა. თუმცა მათ არავინ კითხულობდა, სულ არ იყო პოპულარული თავის ქალაქში, მისი ძმა უფრო მოსწონდათ – კარგი შესახედი, მხიარული და სალმიანი კაცი ყოფილა. თავად ფოლკნერი, თურმე, არავის ესალმებოდა.
- მე გაზეთზე გეკითხები, აბა ნახე, როგორ აშუქებენ სპორტს? – დამიკონკრეტა ვადიკამ. თავიდან ბოლობდე ჩავათვალიერე „იგალი“.
- ისე რა, მეტნაკლებად აშუქებენ, – ვეუბნები.
- ფეხბურთზე არაფერს წერენ? მსოფლიო ჩემპიონატის განრიგს არ აქვეყნებენ?
- არა, ამ ნომერში მსგავსი არაფერია.
- აბა დაურეკე კრისს და ვოიჩეკს და სადილად დაპატიჟე, – გადაწყვეტით მითხრა ვადიკამ, რომლის გონება ახლა სულ სხვაგან ქროდა.
- ისედაც მოვლენ, როდის გაუცდენიათ? – დავამშვიდე მე.
- დღეს დაურეკე, დღეს გაცდენა არ შეიძლება! – დაჟინებით მთხოვა ვადიკამ.
- კარგი, ახლავე დავურეკავ.
ვოიჩეკი პოლონელია, მისისიპის უნივერისტეტის „Ole Mis” მაგისტრი, აშშ-ში მუშაობის უფლება არა აქვს და ფარულად მაინც შვიდას ადგილას მუშაობს, მგონი, ცოტას თაღლითობს კიდეც. ვადიკას კვირაში ორჯერ ფეხბურთს ეთამაშება, სიმპატიური, ოქროსფერთმიანი, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდაა, კარგი, ირონიანარევი იუმორით, ცოტას გიტარაზეც უკრავს, მოკლედ, ვადიკას რომ მოსწონს ზუსტად ისეთი ტიპია… შვილივით ვუვლი. კრისი ტიპური სამხრეთელია, მეტიც, ღრმა სამხრეთიდან – ძირძველი ოქსფორდელი და ჩრდილოელების ატანა არა აქვს. მამამისი 70 წელს გადაცილებული ჰიპია და ძველ, დანჯღრეულ ჰარლეი დევიდსონით დაჰქრის. კრისიც მოჰიპო ელემენტია, ქალაქის კოლორიტი, დაჟანგულ-გახეხილი, გახუნებული, ძალიან ძველი, მაგრამ საათივით აწყობილი ლინკოლნ კონტინენტალი ჰყავს და მის მანქანას ჰაივეიზე კილომეტრის მანძილზე ცნობენ. ოქსფორდში ჩასვლისთანავე გავიცანი, ქალაქის ცენტრში, ერთი კაფეს წინ ცემენტს ზელდა და ფილებს აგებდა. მეორე გამოვლაზე, სხვა კაფეს ღია კარიდან დავინახე, რომ სადურგლო სამუშაოებს ასრულებდა და ნახერხი გარეთ გამოჰქონდა, მესამე ჩავლაზე მკითხა, ვხედავ, აქაური რომ არ ხარ, უნივერსიტეტში მუშაობო? .. ასე გავიცანი კრისი. მერე, ერთხელ, ჩვენი ავტომობილის შეთვალიერება ვთხოვე, ფული არ გამომართვა და სადილით გავუმასპინძლდი, მერე, რამდენჯერმე მე და ვადიკა ოქსფორდის ერთ ძალიან ჰიპურ კლუბში „ჰოკაში“ წაგვიყვანა, ერთხელაც, მის მეგობრებთან ერთად ტბაზე, წყლის თხილამურებით სასრიალოდ ვიყავით და მას მერე ისე დავახლოვდით, რომ საქართველოში დარუნებულებს, რამდენიმე კვირაში თავზე დაგვადგა, სექტემბერ-ოქტომბერი ჩვენთან გაატარა და 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა, უწყლობა და სხვა უბედურებები ჩვენთან ერთად გადაიტანა.
მოკლედ, ორივეს დავურეკე და სადილად დავპატიჟე. ვადიკა დიდის ამბით ემზადებოდა ამ სადილისთვის. „ოქსფორდ იგალს“ ხელიდან არ უშვებდა. საკუჭნაოდან განსაკუთრებული შემთხვეისთვის გადანახული „საფერავიც“ გამოიტანა და გაშლილ სუფრაზე დადგა. გემრიელი სუნი დატრიალდა თუ არა, ოთახში ჩვენი სახლის პატრონის სტუდენტი, აფრო-ამერიკელი ლატანია (ზედა სართულზე ცხოვრობდა, სხვენში და პატრონის არყოფნის დროს სახლს უვლიდა. ჩემი შემყურე ისე გაზარმაცდა, რომ უნივერსიტეტიდან დაბრუნებული ან საძინებელში იკეტებოდა ან სამზარეულოში შემორბოდა, ეს რა მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებსო. სამსართულიან ვილას და ეზოს, თავიანთი ცხოველებითურთ, მე და ვადიკა ვუვლიდით) შემოვარდა. - ვაუ, რა სუნია… – ტოლმაში ჩაყო ცხვირი ლატანიამ.
- გემოც კარგი აქვს, დაპატიჟებული ხარ, კრისი და ვოიჩეკიც მოდიან, – ვახარე ლატანიას, რომელიც დიდის მონდომებით ჩანგლავდა ხან ვოიჩეკს და ხან კრისს. უფრო – ვოიჩეკს.
ვადიკამ სუფრას გადახედა, მეპატრონის ვიტრინიდან განსხვავებული ჭიქები გამოიღო და ლატანიას თვალი ჩაუკრა. ვხვდებოდი, რაღაც „გრანდიოზული“ ჰქონდა ჩაფიქრებული და შესაფერის გუნდს კრებდა.
მოვიდნენ, დავსხედით, დაიწყო საიდუმლო სერობა.
ვადიკამ სუფრის წევრებს გაგვანდო, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის თავიდან ბოლომდე სიღრმისეულად გაშუქებას და ამერიკელების, რომლებიც ევროპულ ფეხბურთს საერთოდ არ წყალობდნენ, ცნობიერების ამაღლებას და აზრზე მოყვანას აპირებდა. - მაგარი იდეაა, – აღფრთოვანებით წამოიძახა ვოიჩეკმა, რომელიც თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ამერიკელები ნამდვილი ფეხბურთის გაგებაში არ იყვნენ და ტრიბუნებს არ შეავსებენო.
- მერე, როგორ გინდა ამის განხორციელება? – ენთუზიაზმის გარეშე იკითხა კრისმა, რომელიც თავად წარმოადგენდა სუფრასთან ამერიკას და დიდად არ აღელვებდა მსოფლიო ჩემპიონატი „სოკერში“, თუმცა ეამაყებოდა, რომ იგი მის ქვეყანაში იმართებოდა.
- შანსი გეძლევა, ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდე, თან უკვდავყო შენი სახელი და ქალაქი. – დამტვრეული ინგლისურით და ძალიან არტისტული ჟესტიკულაციით დაუმარცვლა კრიზს მომავლის პროგნოზი ვადიკამ.
ლატანია სკამიდან წამოხტა და ტაში შემოკრა. - მაინც როგორ? – „სოკერმა“ როგორ უნდა გამხადოს ისტორიის ნაწილი, როცა ამ ქალაქში ფოლკნერი ცხოვრობდა და კაციშვილი არ იმჩნევდა, – გულდაწყვეტით დასძინა კრისმა.
- მაგარი იდეაა კრის, მოუსმინე, ეს კაცი „სოკერის“ ქვეყნიდანაა, – მიმართა კრისს ვოიჩეკმა
- შენგან ბევრი არაფერია საჭირო, მთელი ოქსფორდი გიცნობს, შენს ოქროს ხელებზეა ამ ქალაქის აღმშენებლობა დამოკიდებული, ყველა პატივს გცემს, „ოქსფორდ იგალში“ წამიყვანე და რასაც იმათ შევთავაზებ, იმაში მხარი დამიჭირე, თან სწორად მითარგმნი, მე გამეცადინებ, – დაუღეჭა ვადიკამ კრისს იდეის არსი.
- „იგალში“? რა პრობლემაა, წაგყვები, რედაქტორსაც ვიცნობ და გამომცემელსაც. თუ კარგ საქმეს შესთავაზებ ქალაქისთვის, მე რატომ არ უნდა დაგიჭირო მხარი?
- ყველა თამაში უნდა გავაშუქო და გავაანალიზო. მთელი თვე ერთი გვერდი მაინც უნდა დაგვითმონ, მინიმუმ ერთი გვერდი, წამოვლენ ამაზე?
- ვნახოთ, ერთი გვერდი ბევრი არაა?
- პატარა ფორმატია ეგ თქვენი „იგალი“ და ერთი გვერდი შეიძლება არც გვეყოს, – არ დაიხია უკან ვადიკამ, გეგონება გაზეთში ადგილი უკვე დათრეული ჰქონდა.
- და ჰონორარი რომ არ გადაგიხადონ?
- კ ჩორტუ ჰონორარი, ეგ არც მიფიქრია. ჰუმანიტარული აქცია იქნება საქართველოსგან აშშ-ს, – ამაზე ვოიჩეკს უნებლიე სიცილი აუტყდა, კინაღამ ტოლმა გადასცდა. რას წარმოიდგენდა აშშ საქართველოს გადასარჩენი თუ გახდებოდა?
- ჰა, რას ფიქრობ, წავიდეთ? – ჩაეკითხა ვადიკა კრისს.
- კარგი, წავიდეთ, ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ, მე ყველა სტატიის თანაავტორი უნდა ვიყო, – ხმას აუწია კრისმა.
- თუ გინდა ავტორი იყავი, ოღონდ შენ რედაქცია შეახვიე, – ყველაფერზე თანახმა იყო ვადიკა.
- და ეს რაში გვჭირდება? – ეჭვის თვალით გახედა კრისმა ვოიჩეკს, კიდევ ერთი თანაავტორი ხომ არ გვეცილებაო.
- ვოიჩეკს ავუხსნი დაწვრილებით იმას, რაც მაგან შენ უნდა აგიხსნას კარგი ინგლისურით და მერე ერთად დავწერთ ანალიტიკურ სტატიას. ვოიჩეკს ფეხბურთი კარგად ესმის, შენ – არა. მოკლედ სამნი ვიმუშავებთ. ვოიჩეკს თანაავტორობა ისედაც არ შეუძლია, მალვაშია, – იცინის ვადიკა.
- კარგად დალაგდა, მომწონს, თქვენც მომწონხართ, სადილიც, ღვინოც, ისღა დაგვრჩა, დავლოცოთ ჩვენი წამოწყება! – კრისმა საფერავით სავსე ჭიქა ასწია. ჩვენ ფეხზე წამოვდექით და სავსე ბოკალებით ჩვენი ინტერნაციონალური – ქართულ-უკრაინულ-პოლონურ-ამერიკულ-აფრიკული ეპოქალური წამოწყების წარმატებით დაგვირგვინების სადღეგრძელო შევსვით ბოლომდე.
ჭიქები სხვისი იყო და არ დაგვიმსხვრევია.
„ოქსფორდ იგალ“-ის რედაქტორი, ერთობ გამგებიანი და გლობალურად მოაზროვნე ჟურნალისტი აღმოჩნდა. კრისი – დაუჯერებლად დამაჯერებელი და პრინციპული. ვადიკას სპორტულმა გამოცდილებამ და „მჭერმეტყველებამ“ – რასაც უზადოდ თარგმნიდა და ასახიერებდა ვოიჩეკი, შემდეგ კი ავითარებდა კრისი, რედკოლეგიაზე ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა: პოტენციურ სპორტულ კომენტატორებს გაზეთის მთელი გვერდი დაუთმეს, მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, შუა გაშლილ გვერდსაც დაჰპირდნენ. ასე იმუშავა ვადიკას უნიკალურმა გუნდმა: ზოგმა ველზე (ვადიკა, კრისი, ვოიჩეკი) და ზოგმაც ზურგში (მე და ლატანია).
სამუშაო თვის განმავლობაში ლატანიამ გააძლიერა ვოიჩეკზე და კრისზე ზეწოლა, რასაც მე თავგანწირვით ვეწინააღმდეგებოდი და ხელს ვუშლიდი. ამაზე ლატანია სერიოზულად მსაყვედურობდა, რა გინდა, შენს ქმარს ხომ არ ვერჩიო. მე კი ვერადა ვერ ვაგებინებდი, რომ ახლა ყოველ წამს ოქროს ფასი ჰქონდა და ვოიჩეკის და კრისის მოცდენა ღალატის ტოლფასი იყო. ვადიკა 24 საათი ტელევიზორთან ატარებდა, წინ და უკან ახვევდა კადრებს (ამერიკაში ამის შესაძლებლობა მაში უკვე იყო) და ყველა თამაშს დეტალურად განიხილავდა. კრისს გაშალაშინებული მასალა ყოველ დღე „იგალში“ მიჰქონდა დასაბეჭდად. ფოტომასალაც შერჩეული ჰქონდათ. სულ მალე „იგალი“ დილაადრიანვე ქრებოდა ოქსფორდ ქალაქის საფოსტო კიოსკებიდან, სუპერმარკეტებიდან, კაფეების კალათებიდან და ეზოებიდანაც. ქალაქი „სოკერის“ ვირუსით დაავადდა. ვადიკა-კრისის სტატიები იყო უჩვეულო, მხიარული, ინფორმატიული და შემეცნებითი. „იგალის“ სტატიების შესახებ მალე ხმა მიმდებარე მომცრო ქალაქებშიც გავარდა და კრისი ახლა მოთხოვნადი ზეპირ-მთხრობელიც გახდა.
ჩემი და ვადიკას რეიტინგმა საგრძნობლად იმატა სრულიად უნივერსიტეტის რექტორატში და საპროფესოროებში, ვოიჩეკის – სტუდენტებში და ახალგაზრდულ კლუბებში. ლატანიამაც რაღაც მნიშვნელოვანს გამოჰკრა ხელი: მგონი, სახლის პატრონის მადლობას და პრემიაც დაიმსახურა სახლის საუკეთესოდ მოვლისათვის. კრისი ამის შემდეგ დიდხანს ეძახდა თავს „ოქსფორდ იგალის“ ფრილანს (დამოუკიდებელ) ჟურნალისტს და საქართველოში ყოფნის დროსაც არაერთხელ წაიტრაბახა ამ სტატუსით და ჩვენი წარმატებული პროექტით.
ვადიკას სურათის წინ სანთელი იწვის, ვადიკა იღიმება, სტადიონი ღმუის. წამიერი სიჩუმე – პენალტების სერიას ქართველები იწყებენ. პირველი ურტყამს ქოჩორაშვილი – გოოოოოოოოოოოოოოლ, ტაბლოზე – 1:0; მამარდამ აიღოოოოოოოოო, დავითაშვილი – გოოოოოოლ, ტაბლოზე 2:0 – ია, ბერძნებს გააქვთ პირველი გოლი 2:1 ; მიქაუტაძე – ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეე, ვადიკ, ბურთი აცდა ბერძნების კარს! გაგვიტანეს! ტაბლოზეა 2:2 , ღმერთო! დვალი – გოოოოოოოოოლ… ღმერთო, ღმერთო. ტაბლოზეა 3:2. ღმერთოოოოოო, ბერძენმა ააცილა, ვადიკ, ააცილააააააააა, კვესკვერკირი, ღმერთოოოოოოოო… გოოოოოოოოოოოოოოლ და იქმნა ნათელი! ასრულდა ოცნება! არის, ასრულდა ოცნება!
ვადიკა იღიმება სანთელი დაილია, თავისით ჩაქრა. დილის ხუთ საათამდე „მარაოს“ არხზე რაღაც ფრანგულ-იტალიურ მელოდრამას ვუყურე. არაფერი მახსოვს მგონი დესიკასი იყო და სოფი ლორენი თამაშობდა. რა მახსოვს… თვალწინ მიდგას წაქცეული ბუდუ ზივზივაძე – როგორ მიხოხავს მიწაზე და თავით ბურთს მიაგორებს. გმადლობ უფალო!
მეორე დღეს სამსახურში დამაგვიანდა. მეილი გავხსენი და პირველი წერილი კინაღამ ეგრევე წავშალე. ფეიკი მეგონა უცხო გვარ-სახელით. მაგრამ არა, ეს ხომ ჩემი მეგობარი ჯივანია, 2011 წელს ერთად ვმუშაობდით ავღანეთში – პროექტის უფროსი კონსულტანტი იყო. ამერიკელი, წარმოშობით მალაიზიიდან.
JEEVAN CAMPOS (28, 2024 at 3:36 )
მანანა,
ვიმედოვნებ, კარგად და ჯანმრთელად ხარ. მინდა მივულოცო საქართველოს ისტორიული მიღწევა – გერმანიაში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა. მჯერა, დღეს მთელი ქვეყანა ფეხზე დგას და გუგუნებს – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ეროვნული ნაკრებისათვის, რომელმაც ერთიანობის და დიდი ზეიმის ეპოქალური მომენტი შექმნა. მე თქვენს გუნდს ვუჭერდი მხარს, რადგან ვიცი, რას ნიშნავს ეს ხალხისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ გეოპოლიტიკურ ხანაში.
გილოცავ, კიდევ ერთხელ.
ყოჩაღ, საქართველო!
თავს გაუფრთხილდით და იცხოვრეთ მშვიდ, უსაფრთხო გარემოში.
ჯივან კამპოსი
P.S. შეგახსენებთ, რომ 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალშიც, რომელიც კალიფორნიაში, ლოს ანჟელესის მახლობლად, პასადენას სტადიონზე გაიმართა, ბრაზილიამ იტალიას პენალტებით მოუგო – 3:2. ის თამაშიც, დამატებითი დროიანად, 0:0 დამთავრდა. მაშინ, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში „ფიფამ“ პირველად დაუშვა ფინალზე პენალტების სერია.
ღმერთო, ასეთ ამბავსაც მოგვასწარი და ერთი ამდენს კიდევ ვიოცნებებთ ქართველები!
29 მარტი, 2024



























