მარტი თენდება… და ერი შენი გილოცავს!.. 💙
ცის კანდელად ანთებულხარ უფლის საკურთხეველზე,
მთაწმინდა კი დამაშვრალებს, უკმევს მამულთმთეველებს…
ეს რამდენი წელი ჩაკვდა, რაც არ ხმობ ივერიას,
ქართველები შავლეგოზე ერთხმად ვეღარ მღერიან…
ვერ იგუა ქართლის გულმა მტრის ,,ტროიას გამბიტი”,
აკვირტებულ ბაღს გვილოშნის ციმბირული ასპიტი;
ბედისწერის ფენიქსივით დაფერფლილან ეს წლები,
ლუციფერმა უღვთოდ გვცელა ორლესული ცელებით;
საქართველოს ესიზმრები, გეძებს ტატოს მერანი.
ხმელ წიფელთან დაჩოქილან კვირია და ლელანი;
შენ სამშობლომ გაგიმეტა?.. – ასჯერ ასი უარი!
მტრის ხელიდან მოიკვეთე, მოღალატის, დუშმანის!.
შენმა ძმებმა გაგიმეტეს?.. – ასგზის ასი უარი!
ის ამ დროის შადიმანი, ყრუ თუ იყო, მურვანი!
ბარაბელებს შეებრძოლე ღირსეული ვარდობით,
ვით იესო, გაიყიდე იუდების ამბორით…
ეს რამდენი წელი ჩაკვდა, რაც არ ხმობ ივერიას,
ქართველები რუსთაველზე ერთხმად ვეღარ მღერიან.
იჩქერიაც თავდახრილა, ძმადნაფიცებს ელიან,
ჯოყოლას და ზვიადაურს ვაჟა თავად ხლებია…
მსურდა მძივად ამეკრიფა სასოების მარჯანი,
მაგრამ ვაგლახ, დამეცვარნენ, გამიცუდდნენ მაჯანი…
თუმცა ჰოი, საოცრებავ, ხმით ლუხუმის სადაგით
მომეჩვენა და ჩამესმა თითქოს, წრფელი ღაღადი:
,,შვილნო, სიტყვის ხმლებით აპეთ დაბურული საკანი,
რომ მრავალჟამს ირწეოდეს ქართლოსიანთ აკვანი! ”
ზვიად, ცრემლით, მაგრამ რწმენით, ერი შენი გილოცავს,
თანამგზავრად ეყოლები ქართულ მარადისობას!
მეგი მოლოდინი
























