გალაკტიონის ბავშვობა
ნათია სიხარულიძე : „დავიბადე სოფელ ჭყვიშში, როგორც წერა-კითხვა, ისე ნაოსნობა, ცურვა, მეთევზეობა, არ მახსოვს, როდის ვისწავლე. კუნძული „მეფის ჭალა“, რომელიც ჩვენს სახლს ეკვროდა, იყო ჩემი საყვარელი ადგილი… კუნძულს გარს უვლიდა რიონის ორი ტოტი, ერთი – ჩქარზე-უჩქარესი, მეორე – დინჯი, აუჩქარებელი. ორივე რიონი ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით ზაფხულობით. აქ ვკითხულობდი დიკკენსს, ბაირონს, შელლის, მიუსეს, შატობრიანს, რუსსოს, პუშკინს, ლერმონტოვს, ტოლსტოის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის წიგნებს… ქუთაისში ვსწავლობდი ძალიან საშუალოდ, მაგრამ მასწავლებლები კარგად მეპყრობოდნენ მაინც, როგორც ახალგაზრდა მგოსანს. როდის დავიწყე წერა ლექსების, მოთხრობების, რომანების არც მახსოვს…“, – ვკითხულობთ გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში.
ნოდარ ტაბიძის ცნობით, 1905 წლიდან გალაკტიონი უკვე ინტენსიურად წერს. შემონახულია ამ პერიოდის 70-მდე ნაწარმოები: ლექსები, მოთხრობები, იგავ-არაკები, შარჟები და სხვ. ასევე შემონახულია გალაკტიონის მოსწავლეობისდროინდელი რვეული, რომელშიც ჩამოთვლილია 1905 წელს მის მიერ წაკითხული ნაწარმოებები. დასახელებულია 46 წიგნი.
გალაკტიონის დედამ – ახალგაზრდა ქვრივმა მაკრინე ადეიშვილმა იმ დროისათვის წარმოუდგენელი რამე მოახერხა: ორივე შვილს განათლება მიაღებინა, თან ისე, რომ არავინ დახმარებია.
წლების შემდეგ გალაკტიონი ქუთაისში სასწავლებლად წასვლას ასე იხსენებდა:
„მახსოვს: მე – პატარა, დედაჩემი და ბიძაჩემი ვართ ბიძის აივანზე. ბიძა წამოწოლილია სკამლოგინზე. მე და დედაჩემი ფეხზე ვდგევართ.
- კარგი, მიდიხართ. მიგყავს ბავში ქუთაისში. შენ მას იქ თავს უნდა დაადგე. აქ სახლს რას უშვები?
- სახლს ჩავკეტავ. შიგ მაინც არაფერია ისეთი.
- არის, ვიცი, რომ არის.
- სახლი თქვენი სახლის წინა დგას. თქვენ მიხედავთ ხოლმე.
- არაფერსაც არ მივხედავთ. არავითარი საშუალება თქვენ არა გაქვთ, რომ ბავში აღზარდოთ. დარჩით სოფელში. ბავში ნურსად მიგყავთ. ეს არის ჩემი რჩევა.
- არ შემიძლია, საწყალი ვასილის სიკვდილის წინ უკანასკნელი სიტყვები იყო: „ბავშებს მიხედე, ბავშები გაუნათლებელნი არ დატოვო. ჩემი ძმა, იუსტინე დაგეხმარებაო“…
მახსოვს, დედაჩემს თვალთაგან ცრემლები გადმოსკდა. - მე არაფრით დახმარება არ შემიძლია. მე თვითონ საშინელ გაჭირვებაში ვარ.
- მე თქვენ არაფერსა გთხოვთ, – უპასუხა დედაჩემმა, – მე მხოლოდ რჩევისთვის მოგმართეთ.
აღარ მახსოვს, რა უპასუხა ბიძაჩემმა“.
ამ დროისათვის გალაკტიონის ძმა _ პროკლე უკვე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. მაკრინემ ვერ მიატოვა პატარა გალაკტიონი: „ვაი თუ სათანადო მზრუნველობით ვერ მოუარონ უმამოდ გაზრდილ ბავშვსო“. ამის გამო იგი ქუთაისში გადმოვიდა დროებით საცხოვრებლად. თუმცა მალევე იძულებული გახდა ჭყვიშში დაბრუნებულიყო და გალაკტიონი უფროსი ძმის ანაბარა დაეტოვებინა.
სირთულეებმა სასწავლებელშიც იჩინა თავი.
მატერიალური გაჭირვება სულს უხუთავდა გალაკტიონს.
შემორჩენილია ძმების – პროკლე და გალაკტიონ ტაბიძეების თხოვნა სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველისადმი:
„უკიდურესი სიღარიბე გვაიძულებს ვეძიოთ თქვენი მოწყალება. გთხოვთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, ნუ დაგვტოვებთ თქვენი ყურადღების გარეშე და გაგვიწიოთ მატერიალური დახმარება, რომლითაც თქვენ შეამსუბუქებთ დედაჩვენის უბედურ მდგომარეობას და შესაძლებლობას მოგვცემთ განათლება მივიღოთ თქვენდამი რწმუნებულ სასწავლებელში.“
ამ და სხვა მსგავსი ამბების ფონზე ალბათ განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს გალაკტიონის ეს ჩანაწერი:
„მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშვობა“.
/ნ. ტაბიძე გალაკტიონი. 2000;
გალაკტიონ ტაბიძე. თხზულებანი 12 ტომად, ტომი 12. 1975/
ფოტო: გალაკტიონის სახლი ჭყვიშში
































