გეთსიმანიის ღამე
სიჩუმეა…
მხოლოდ წყნარად თუ ირხევა დაფნის ტოტი,
მხოლოდ ნაძვი თუ ირხევა, თორემ ისე სდუმს წალკოტი…
სიჩუმეა.
ჩუმად, მშვიდად მირონინებს მთების სიო ფრთების რხევით
და კედრონის ნაკადული მას ბანს აძლევს ხმაშერევით.
ჩუ, ფეხის ხმა!
მოდის ქრისტე და მიწყნარდა ბაღ-ბუჩქნარი
და ლოცულობს მაცხოვარი და ოფლი სდის, როგორც ღვარი.
მალე, მალე მას ჯვარს აცვამს უგუნურთა ურცხვი კრება,
მალე საფლავს მიეცემა, მაგრამ ქრისტე კვლავ აღსდგება.
კიდით კიდეს მოედება მისი წრფელი ქადაგება
და ეგ ლოცვაც უშედეგოთ არ ჩაივლის, არ გაჰქრება!
სიჩუმეა.
არემარეს აღდგომის ჰფლობს სიხალისე,
მხოლოდ სიო თუ ირხევა, თორემ ისე, თორემ ისე
სიჩუმეა,
სიჩუმეა…
გაზეთი „აზრი“, 1914, 6 აპრილი.
/ფოტო: გალაკტიონი კუმურდოს ტაძრის წარწერებთან. 1955 წელი/.
***
ნათია სიხარული
( წიგნების ქიები )


























