სამეგრელოსა და ლაზეთში (თუ არ ვცდები, გურია-აჭარაშიც) სიმინდის მოსავალს შემაღლებულ სათავსოში ინახავდნენ და ინახავენ დღესაც, რომელსაც „მაღაზა“ ეწოდება.
ბავშვობაში, როცა ეს სიტყვა მესმოდა, „მაღაზიას“ ვუკავშირებდი. თუმცა, ვერ ვხდებოდი, რატომ უწოდებნენ „მაღაზას“ და არა – „მაღაზიას“. ეს უკანასკნელი მეგონა „სალიტერატურო“ ფორმა.
შემდგომ უკვე, როცა თურქულს შევეჭიდე, ვნახე, რომ „მაღაზია“ თურქულში „მააზა“-ა (მაღაზა – mağaza). აქედან უკვე ნათელი იყო, რომ მისი კვალი ახლო აღმოსავლეთში იყო საძებნარი.
მართლაც, არაბულში maḫzān სათავსოს, საწყობს ნიშნავს. მისი მრავლობითი რიცხვია maḫāzin. თურქულიდან ის სხვადასხვა ევროპულ ენებშიც გავრცელდა.
ცნობილ ქართველ ენათმეცნიერს, ლექსიკოლოგს, ჩვენს მეგობარს, ქალბატონ Manana Bukiaს მის შესანიშნავ ნაშრომში „ლაზური ლექსიკონი“ (ვოინოვიცე, 2018) სავსებით სწორად აქვს შენიშნული ამ სიტყვის არაბულ-თურქული წარმომავლობა (გვ. 243). ლექსიკოლოგები კი მუშაობენ და იკვლევენ, მაგრამ, ვინ კითხულობს ამ წიგნებს. ისევ ურა-პატრიოტიზმი „ჩვენი უძველესი სიტყვა“ გვირჩევია. არადა, არაფერია საგანგაშო ამ მშობლიურად ქცეულ ბარბარიზმშიც.
ასე რომ, ჩვენი მშობლიური „მაღაზაც“ და „მაღაზიაც“ (რუსული „მაგაზინ“-იც) მთლად მშობლიურიც არ არის. ისიც ბედკრული წარსულის შვილია, როცა ერების ურთიერთობამ ენათა ურთიერთობაც გამოიწვია.






























