ნემსის ყუნწში გაყრილი ლოგოსისა

(„ლიტერატურული საქართველო“, 18 ივნისი, 2021) Ayni gün ქართული ამბების პორტალი / Gürcü Haber’de
ნემსის ყუნწში გაყრილი ლოგოსი
ჯერ „ბარაქიანი მიწის“ მოსავალიც არ დაუბინავებია რიგიანად და დათო მაღრაძემ კიდევ ერთი უხვი მოსავალი მოიწია! ვგულისხმობ მის ახალ პოემას „მეტაფიორა“, რომელიც „ლიტერატურული საქართველოს“ 11 ივნისის ნომერში დაიბეჭდა.
დათო მხოლოდ პოემებში კი არა, ლექსებშიც კი იშვიათი მასშტაბურობით გამოირჩევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავისი მასშტაბურობით მისი ეს ახალი პოემა ყველა წინამორბედს აჭარბებს.
თავისთავად უაღრესად მასშტაბურია პოემის იდეა, რომელიც მის პირველსავე თავში, უკეთ – ამ თავის ერთადერთ სტრიქონშია გაცხადებული:
„მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“.
ასეთივე სისხარტით არის გამოხატული ეს მასშტაბურობა პოემის მეთექვსმეტე თავში, რომელსაც „არჩევანი“ ჰქვია:
„– ან დრო!
– ან ღმერთი!“
ერთიც და მეორეც იმ ციცაბო ფრაზათაგანია, რომელთაც გულისხმობს ავტორი, როცა ყველაზე ციცაბო ფრაზას წერს:
„არ არის ფრაზა
უფრო ციცაბო,
რომ:
– სასწაული უნდა იწამო!“
მართლაც, სასწაულიღა თუ გადაარჩენს მოქალაქეში ადამიანს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებათა შენება-შენებაში მიგვავიწყდა კი არა, იქნებ ზურაბივით სულაც კედელში ჩავაშენეთ!
მართლაც სასწაული თუ გადაარჩენს ადამიანში ღმერთს, გნებავთ – ღვთაებრივ სულს, დათო მაღრაძის სიტყვებით, – „ცაზე გაწვდილ წეროს“, რომელიც დათოსავე სიტყვებით, თითქოს პიკის საათის საცობში ჩაიკარგა.
ხოლო პოეტი, პოეტი დათო მაღრაძე ცდილობს, „გამოსტაცოს ბავშვი დინებას“, ცდილობს თარგმნოს უთარგმნელი, რათა თქვას:
„სიცოცხლე არის კულტურა
ადამიანის სიკვდილთან მისვლის“.
ჰაუ, რამდენი ვილაპარაკეთ სწორედ ამ კულტურაზე მე, დათომ, ვანო ამირხანაშვილმა და უჩა შერაზადიშვილმა სწორედ იმ საღამოს, როცა ვოლდემარ ვანსკი პირველ და მე-6-7 გვერდებზე დათოს ამ პოემას აკაბადონებდა გაზეთში, მეხუთეზე კი – ჩემს „შთანაწერებს“. მე და დათო პანდემიური რისკის მიუხედავად და ძველი ჩვეულების თანახმად, ჩვენ-ჩვენი ტექსტების „საპატრონოდ“, ანუ ბოლო კორექტურის წასაკითხად მივედით რედაქციაში, იქ კი ჩვენდაუნებურად დაახლოებით ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როგორსაც დათო აღწერს ამ პოემაში:
…„ძველი მარანი და წრფელი განცდა,
შიგდაშიგ ისმის ტკაცუნი შეშის…
უბრალო ღვინო უბრალო კაცთან,
დედის რძესავით გადადის ყელში“.
თუმცა „შეშის ტკაცუნმა“ისე შეგვიყოლია, რომ მეორე დილას დათოს პოემაში ერთი სიტყვა ზედმეტი აღმოჩნდა, ჩემს ტექსტში კი – პირიქით – ერთი სიტყვა გამოგვრჩენია. მაგრამ ამის მიუხედავად, ის საღამო ისეთ მოგონებად ჩაგვრჩა, რომლის ჯუფთი მეორე დღეს დათოს პოემაშივე წავიკითხე:
„გუშინაც ისე მაგრად დავთვერი,
მგონი დავკარგე სამოთხის საშვი
და დამესიზმრა სავსე პარტერი,
ფეხზეამდგარი,
მოწყვეტილ ტაშით“.
სწორედ ასეთი მოგონებები განაპირობებენ სიკვდილთან მისვლის კულტურას, სწორედ ასეთი მოგონებებით იქმნება თითოეული ადამიანის ისტორია, როგორც საკაცობრიო ისტორიის ნაწილი.
დათოს ამ ახალ პოემაში თითქოს მართლა მსოფლიო ისტორიაა ჩატეული მედეადან და ოქროს საწმისიდან დაწყებული, თანამედროვე მედიითა და ფეისბუქით დამთავრებული.
მასშტაბურობა მასშტაბურობად, მაგრამ ეს პოემა ამავე დროს ავტორის ერთგვარი ბიოგრაფიაც გახლავთ ბავშვობიდან ვიდრე დღემდე – დედის თვალების სარკიდან თუ კარგ და ცუდ სამყაროთა გამმიჯნავი მამის ბეჭებიდან მოყოლებული, ნობელის პრემიის ნომინანტობამდე და, – ღმერთმა ქნას! – ნობელის პრემიამდეც.
თუმცა დათო მაღრაძეს ყველა პრემიაზე უაღრეს ჯილდოდ სხვა რამ წარმოუდგენია:
„და ვგრძნობ ხანდახან –
წამი ჩემია…
როცა ვაჩერებ დინებას სოფლის,
წყალმა წაიღოს ყველა პრემია,
…ჯილდოდ მედეას ხელკავი მყოფნის.“
სხვა ყველაფერთან ერთად „მეტაფიორა“ დათო მაღრაძის სულიერი ბიოგრაფიაცაა მოსედან და ახალი აღთქმის სიძველიდან მოყოლებული, საიქიოს საბაჟო პუნქტში ნაცნობი მებაჟის იმედად მიტანილ მამადავითის ხედამდე.
ჩემთვის დათო მაღრაძის პოეზია განსაკუთრებით ძვირფასია კიდევ იმიტომ, რომ იგი თვალნათლივ აჩვენებს, რომ ქართულ კონვენციურ ლექსს არათუ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები, ჯერ ბოლომდე არც გამოუვლენია. და იმ ფონზე, როცა ბევრი პოეტი, შეგნებულად ამბობს უარს რითმაზე, ოღონც მისი ლექსები უცხო ენებზე ითარგმნოს, დათო მაღრაძე არჩეული გზის ერთგული რჩება და ეს სულაც არ უშლის მას ხელს, რომ სხვადასხვა ენობრივ სივრცეს გასწვდეს თავისი პოეზიით და ჩვენს თანამედროვეთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი პოეტიც იყო მსოფლიოში, თუ ყველაზე ცნობილი არა.
აქ არაფერს ვიტყვი დათო მაღრაძის სალექსო ტექნიკაზე, ერთჯერად რითმებზე, ანჟანბემანებზე, ალიტერაციებზე, კალამბურებზე… არც „მეტაფიორაში“ დაუნჯებული ორიგინალური მეტაფორების ციტირებით დავასპოილერებ მკითხველს.
„მწამს ლექსის ყუნწში გავუყრი ლოგოსს“ – წერს ამ პოემაში დათო მაღრაძე და ამ დროს კარგად იცის, რომ მას ეს უკვე არაერთგზის გაუკეთებია აქამდეც და ამ პოემაში ხომ – მით უმეტეს.
დაბეჯითებით უნდა ვურჩიო პოეზიის ყველა მოყვარულს, დათო მაღრაძის „მეტაფიორა“ წაიკითხოს. მე აქ მხოლოდ ჩემი პირველი შთაბეჭდილება აღვწერე „შეშის ტკაცუნის“ ფონზე. დარწმუნებული ვარ, ამ პოემის შესახებ ბევრს დაწერენ კრიტიკოსებიც და პოეზიის რიგითი მოყვარულებიც. საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
ჩემი ნება რომ იყოს, დათო მაღრაძეს მხოლოდ ამ პოემის გამო წარვადგენდი ნობელის პრემიაზე. ჩემი ცოდნით, ბოლო წლების პოეტ ნობელიანტთა ვერც ერთი თუნდაც საუკეთესო ქმნილება, ამასთან ვერ მოვა!
არა მგონია, ჩემი ეს სიტყვები ეწყინოს რედიარდ კიპლინგს – ერთ-ერთ საუკეთესო პოეტ ნობელიანტს, რომელსაც დათო მაღრაძე სხვათა შორის ამ პოემაშიც ახსენებს როცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრაზე წერს:
„დადგა სურნელი ტფილისის ხიბლის –
აღმოსავლეთი შეხვდა დასავლეთს
და რომც ეწყინოს რედიარდ კიპლინგს,
ვბეჭდავ შეხვედრის ფოტომასალებს“…
სამწუხაროდ, „ლიტერატურულ საქართველოში“ ჩვენი იმდღევანდელი შეხვედრის ფოტომასალებს ვერ ვბეჭდავ. ფოტოები არ გადაგვიღია, თორემ აუცილებლად დავურთავდი ამ შთანაწერს.
კი შევთვერით იმ დღეს, მაგრამ სიმთვრალე როდი მალაპარაკებს! მას შემდეგ ლამის მთელი კვირა გავიდა.
ყოველგვარი „შეშის ტკაცუნის“ გარეშე უნდა ვთქვა: დათო მაღრაძე ერთი იმ პოეტთაგანია, ვისაც იგი თავის მიძღვნაში დიდ პოეტსა და დიდ გენერალს ავედრებს და
„ვინც ქედს არ უხრის
აზვირთებულ დორბლიან მასებს
და ვინც არ ცდილობს,
ენისმოჩლექით
ემლიქვნელოს ახალ თაობას“.
მისი ეს ახალი პოემაც ამის დასტურია.

„ლიბროკუბიკულარისტის
შთანაწერები“
(„ლიტერატურული საქართველო“, 18 ივნისი, 2021)





























