ლიტ. კონკურსი “ქუჯი-2021”- ის გამარჯვებული.
ნინი ელიაშვილი – პოეტი. დაიბადა ქარელში. 28 წლის. 2017 წელს წაროჩინდა “პოეზიარზე”. ავტორია 2 პოეტური კრებულის. ესმა ონიანის, “ლიტერას” და “წინანდლის” პრემიების ლაურეატი.
* * *
სხვა სულერთია, მხოლოდ შენი ხმაა სამსჯელო,
რა უნდა იყოს მის კედლებში მკვდარი ჩიტები,
აღარ მომიყვე, არაფერი არ დამაჯერო,
მე არც მიყვარხარ და არც მჭირდები
და ჩემს ქუჩაზე ახლა სულ სხვა გოგონებია,
ანგელოზები გეგონებიან.
დამარხული მაქვს ძველი მჭიდები.
ზაფხული იყო გიყვებოდი ამბებს გასართობს
და შენს სიცილზე იზრდებოდნენ ჩემი სიზმრები –
მათ ნუ მიაქცევ ყურადღებას, სურთ, რომ გამზარდონ,
უნდათ, რომ მქონდეს გეგმები და რაღაც მიზნები
და შენ ხომ იცი ამ ნიჟარებს კენჭებს, დელფინებს,
ვერ დავივიწყებ, ვერ მექნება სახლი, ჭიშკარი –
და შენ მისმენდი, იცინოდი, შუქი გეფინა
და უფრო ახლოს არ მიმიკარე.
სხვა სულერთია ამ ყველაფერს ზაფხულის ცხელი
დღეების გემო, უხილავი ჭრილობები აქვს,
მთელი ცხოვრება გულზე მიდევს გაჭრილი ხელი
და შენ კი არა, არც არავინ არ მყვარებია
და რადგან მაინც მინდა ბევრი რამე იცოდე,
გიყვები ამბებს, რომ გზა იყო ისე დამრეცი,
თუმცა ვეცადე, თუმცა მედგრად, თუმცა ვიბრძოდი,
მაინც დავეცი.
მაინც მოვიდნენ, მაინც მნახეს, მაინც მიშველეს,
მაინც ვიხილე როგორია ცქერა ზემოდან,
მე პალატაში ვიწექ შიშველი
და სიყვარული მესიზმრებოდა.
ზაფხული იყო, ვიგონებდი ათასგვარ აბსურდს,
ღამე სარკმელში შუქი მენთო, როგორც ზღაპრების,
ვინმე შორ მგზავრს რომ გაახარებს ისეთ გზით წასულს
სანთლის შუქიც რომ მოენატრება.
სხვა სულერთია მხოლოდ შენი ხმაა სათუო,
რა უნდა იყოს დაფენილი, ნისლი ამ მთებთან
ისე მიყვარდა, ისე მისი ბოლო სართული,
გადახტომას რომ მოგანატრებდა…
ნ. ელიაშვილი
ჟიური:
ვასილ ბესელია
მარინა თექთუმანიძე
გიორგი ხულორდავა
ცირა ბარბაქაძე
თემო ჭახნაკია
წყარო: ლიტ. ფესტივალი ‘ქუჯი’





























