4 წ ლ ი ს წ ი ნ ა თ …
2019 წლის მარიამობისთვეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით, თბილისში წიგნად გამოიცა ჩემი მონოგრაფია სახელწოდებით – „ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები“: https://dspace.tsu.ge/handle/123456789/782…

28 აგვისტოს გავემგზავრე რიგაში, სადაც ჩემი წიგნის ტირაჟის ნაწილი ჩავიტანე და მათ დარიგებას შევუდექი. წიგნის პირველი ეგზემპლარი, ბუნებრივია, ეკუთვნოდა მის სამეცნიერო რედაქტორს – აკადემიკოს იანის სტრადინშს (1933-2019), რომელიც იმჟამად ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატს ხელმძღვანელობდა. ამ სახელგანთქმული ლატვიელი მეცნიერის მოღვაწეობა ცნობილია საერთაშორისო მასშტაბით: https://de.wikipedia.org/wiki/J%C4%81nis_Stradi%C5%86%C5%A1.
ვინაიდან მხცოვანი მეცნიერი იმხანად თავს შეუძლოდ გრძნობდა, ის სამსახურში უკვე აღარ დადიოდა. ამიტომაც, მან მიმიპატიჟა თავის ბინაში, სადაც მანამდეც არაერთხელ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, ჩემი ეს შეხვედრა მასთან უკანასკნელი აღმოჩნდა. ამის შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე მოთხრობილი მაქვს ჩემს წერილში – “უკანასკნელი შეხვედრა აკადემიკოს იანის სტრადინშთან”: https://stradins.lv/memories/nikolai-javakhishvili/
ლატვიის სამეცნიერო საზოგადოებამ ინტერესით მიიღო ჩემი მონოგრაფია, რომლის პრეზენტაციებიც შედგა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიურ ბიბლიოთეკასა (13 სექტემბერს) და რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (9 სექტემბერს). 16 სექტემბერს შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი საქართველოში, სადაც ჩვენს უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი იწყებოდა…
სამწუხაროდ, 2019 წლის 29 ნოემბერს, აკადემიკოსი იანის სტრადინში – 86 წელს მიღწეული გარდაიცვალა. ჩემი ძვირფასი მასწავლებლის გარდაცვალებამ გული ძალიან დამწყვიტა. ის ხომ დაწყებული ლატვიაში ჩემი პირველი სამეცნიერო მივლინებიდან (2009 წლის აგვისტო-სექტემბერი), გულითადად მიწევდა საუკეთესო მეგზურობას და სამეცნიერო ხელმძღვანელობას ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის ამ მშვენიერ ქვეყანაში. გულწრფელად მეამაყება, რომ მასთან მაკავშირებდა ათწლიანი (2009-2019) ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც თანდათან მეგობრობაში გადაიზარდა… უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
ყოველივე ამას დაემატა მეორე სამწუხარო ამბავიც: ჩემი სამეცნიერო მივლინებით ჩასვლა ბალტიის ქვეყნებში, რაც 2009 წლიდან ინტენსიურად ხდებოდა, სამ წელიწადზე მეტხანს შეაფერხა პანდემიამ, რომელიც ცნობილია „კოვიდ-19-ის სახელით…
მიუხედავად ამისა, ზემოთქმულს ხელი არ შეუშლია ლატვიის სამეცნიერო ელიტისათვის, რომ თავისი დამოკიდებულება ჩემი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისა და ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის მონოგრაფიული შესწავლისადმი ყველაზე საუკეთესო ფორმით გამოეხატა.
გასული წლის 12 სექტემბერს 50 წელი შემისრულდა… და ამ საიუბილეო თარიღიდან სულ ორიოდე თვეში – 24 ნოემბერს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე, ფარული კენჭისყრით ამირჩიეს იმავე აკადემიის უცხოელ წევრად. აკადემიკოსის დიპლომი საზეიმო ვითარებაში გადმომცეს ამა წლის 19 ივნისს, რიგაში: https://www.lza.lv/en/activities/news/1580-professor-niko-javakhishvili-presented-with-the-foreign-member-s-diploma-of-the-latvian-academy-of-sciences
აი, ასე დამაფასეს ჩემმა ლატვიელმა კოლეგებმა, რაც მათივე ადეკვატურობასა და კეთილშობილებაზე მეტყველებს…
ფოტოებზე:
1) აკადემიკოსი იანის სტრადინში საჩუქრად გადმომცემს ლატვიის საიუბილეო ვერცხლის მონეტას (რიგა, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზი, 2018 წლის 12 სექტემბერი); 2) ლატვიის რესპუბლიკის საფოსტო მარკა იანის სტრადინშის გამოსახულებით; 3) ჩემი მონოგრაფია სახელწოდებით: „ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები“ (2019); 4) იმავე მონოგრაფიის მთლიანი გარეყდა.





























