1989 წლის 9 აპრილის ანტი-საბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილე ფერეიდნელი ქართველები…
ისეთი დრო დამდგარიყოს, ყველა ფერეიდნელი ქართველი სამუდამოდ დაბრუნებულიყოს თავის ისტორიულ სამშობლოში.
ფერეიდნელი ქართველები ჩვენზე დიდი ქართველები არიან, ოთხი საუკუნეა ქართულ ენას ინარჩუნებენ. ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში „ქართული ანბანის“ ძეგლი დადგეს. ჩვენ კი… ჩვენ-საქართველოში დაბადებული ქართველები, ქართულ სიტყვებს ნელ-ნელა საუბრიდან ვაგდებთ, უცხოური სიტყვები შემოგვაქვს ხმარებაში.
პირველი ქართველი, რომელმაც ფერეიდანში იმოგზაურა და თანამოძმენი მოინახულა, ლადო აღნიაშვილი იყო.
2006 წელს წილად მხვდა ბედნიერება ერთ ფერეიდნელ ქართველს გავსაუბრებოდი… ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი პატრიარქის სიტყვებში: „ფერეიდნელ ქართველებში სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულია“.
ოთხი წლის შემდეგ იყო ფერეიდნული პოეზიის საღამო თბილისში „ლექსები ფერეიდანზე“.
2010 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, ეგზოტიკურ ჩაიხანა „გულანშაროში“, მიხეილ ღანიშაშვილისა და გიორგი ალავერდაშვილის ინიციატივით გაიმართა სპარსული პოეზიის საღამო „ლექსები ფერეიდანზე“, რომელიც 3 საათი გაგრძელდა. 3 საათი პოეზიისთვის ძალიან დიდი დროა.
საღამოზე მონაწილეობდნენ როგორც ძველი თაობის პოეტები, ასევე ახალი თაობის პოეტები. საღამოზე რა თქმა უნდა მონაწილეობა მიიღეს ასევე ფერეიდნელმა ქართველებმაც.
ისტორიული სამშობლოსგან მოწყვეტილ ქართველებს გული გავუთბეთ, ყველას სიხარულის ცრემლები გვაჩნდა თვალებზე, სევდიანი სიხარულის. ბედის უკუღმართობამ, ქართველები თავის სამშობლოს მოსწყვიტა და სპარსეთში (ირანში) გადახვეწა. 1614-1617 წლებში შაჰ-აბასმა 200 000-მდე ქართველი წაასხა ირანში.
1989 წლის 9 აპრილს ფერეიდნელმა ქართველებმა მონაწილეობა მიიღეს ანტი-საბჭოთა მშვიდობიან დემონსტრაციაში…
ვიდრე ჩვენ – მათი სისხლი და ხორცი, მათი გულშემატკივრები ვიარსებებთ, ვიდრე ამქვეყნად დავიარებით, ფერეიდნელი ქართველები დავიწყებას არ მიეცემიან.
დიდი მადლობა მიხეილ ღანიშაშვილს, დიდი მადლობა გიორგი ალავერდაშვილს, რომელსაც თავისი საიტი აქვს ფერეიდნელ ქართველებზე:
გიორგი ალავერდაშვილი ხშირად მოგზაურობს ირანში, ხშირი ურთიერთობა აქვს ირანში მცხოვრებ ქართველებთან.
გიორგი ალავერდაშვილის წიგნი „ჩემები“, რომელიც 2020 წელს გამოსცა, ფერეიდანზე და ფერეიდნელ ქართველებზეა. წიგნში შესულია როგორც ფერეიდნელი ქართველების მოგონებები, ისე ქართველი პოეტების ლექსები ფერეიდანსა და ფერეიდნელ ქართველებზე.
რამდენიმე წლის წინ ფერეიდანში იმოგზაურა ასევე მიხეილ ღანიშაშვილმა. მას თავისი მოგზაურობა აღწერილი აქვს თავისსავე წიგნში, რომელსაც „ყველაზე დიდი გული“ დაარქვა.
რაც შემეხება მე, არასოდეს ვყოფილვარ ფერეიდანში, არასოდეს მიმოგზაურია ირანში. ფერეიდანში სტუმრობა ჩემთვის ჯერჯერობით ოცნებად რჩება, მაგრამ მთავარია, მომეცა შესაძლებლობა რამდენიმე ფერეიდნელ ქართველთან გასაუბრებისა, მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ თბილისში გამართულ სპარსული პოეზიის საღამოზე მაქვს მონაწილეობა მიღებული.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი –
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატიონთა სამფლობელოსი.
დღეს აღარ რეკენ ოშკის ზარები,
თუმც კვლავ აოცებს მნახველებს ოშკი,
თითქოს ყველა დღე არის ზმანების,
სიზმარში ვხედავ: ხუთჯვრიან დროშით
როგორ შევდივარ წმინდა ტაძარში
და როგორ მლოცავს გრიგოლ ხანძთელი,
ვხედავ დედოფალს – ქართულ კაბაში
და მიხარია რომ ვარ ქართველი.
ჭოროხს გაღმაც ძგერს ქართული გული,
იმ ლაზისტანსაც ვლოცავ ბერივით,
შეინარჩუნეს ენა ქართული
ფერეიდნელი ქართველებივით.
მინდა ამიხდეს ყველა სიზმარი,
ცხადად ვიხილო ყველა ზმანება,
ვიდრე მასველებს ჩემი ცის ნამი,
იარები მაქვს სულში ბზარებად.
ტაო-კლარჯეთის მიწის სურნელი –
არის სურნელი საქართველოსი,
მჭირს სიყვარული განუკურნელი
ბაგრატოვანთა სამფლობელოსი.
თუმც აღარ რეკენ ოშკის ზარები,
დღესაც აოცებს ოშკი მნახველებს,
გულით მიქებენ ლამაზმანები
დიდ წინაპართა უკვდავ სახელებს.
დედამ ფიალა ღვინით ამივსო,
მსურს ვნახო ერი-გამარჯვებული,
ჩემი ფესვები სამარადისოდ
ამ მიწაშია დამარჯნებული.
ოთარ რურუა






























