
პერიპატეტიკოსის პათოსი
ფილოსოფიური სათაური
ამ შემთხვევაში არც იარლიყია და შირმა ხომ-მითუმეტეს.
უბრალოდ, მორიგჯერ და ისიც მოყვარულის დონეზე,
კომპოზიციის შექმნა გადავწყვიტე
და დონეს ხელოვნური აწევა, აქ არაფერ შუაშია.
მახსოვს, როცა ბავშვობაში სადმე დამიცდებოდა ფეხი და ძირს განვერთხმოდი,
მაშინვე მომაძახებდნენ,
ტყუილად არ მოიზომო ეს ადგილი, აქ სახლს ვერ ააშენებო…
ნეტა, რომელი მომავლის ხითხურო ან კირითხურო მე მნახეს ,
რომ ყველა ნაკითხ-უმეცარი ერთი და იგივეს ჩამჩიჩინებდა,
შესაძლო პერსპექტივებს ჩამჩით იღებდა ჩემგან
და მოუხელთებელ ჩხერებზე ტივებად აცურებდა? …
რა იცოდნენ
,,ყოვლადმცოდნეებმა” ,
რომ იმდენჯერვე ვყოფილვარ მეტივე,
რამდენჯერაც დამიცურეს ტივი
და ყველა მოტივი,
რაც სარებად ჩამირჭვია ფეხმონაცარ ადგილებზე,
ჩემს მიერ კლდეებზე შეჯახებას გადარჩენილი ტივებიდან იყო ამოკრეფილი.
სხვათაშორის, ბოლოს იმდენი მასალა დამიგროვდა ,
სახლს კი არა, სასახლესაც წამოჭიმავდა გამჭრიახი გონებით მჭვრეტელი,
მაგრამ მე სანიშნი სარების ჩარჭობა ვირჩიე და
პერიპატეტიკოსის პათეტიკით აღგზნებულმა,
ნიშნულიდან ნიშნულამდე თითო სახიერი მიზანი დავისახე და განვასხეულე.
შიგადაშიგ ერთი და იგივე გავიმეორე მიტომ,
რომ ოდესღაც,
როცა წამერთმევა გონი,
როცა ალცჰაიმერი წინასასიკვდილო ტაიმერს ჩამირთავს ,
კოდებად დაშიფრული განსხეულებული წარმოსახვები მუსიკალურ რიფებად წამოვკრიფო
და ჩემი მოკრძალებული შემოქმედების სტრუქტურული ჩარჩოს შესაქმნელად გამოვიყენო…
ახალი_ლექსი




























