
ნ ა ც რ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი
ვყიდი ნაცარს,
ამ ეტაპზე მაქვს 5 ტომარა,
41 კილოგრამი.
კაკლის წვრილად გაცრილი ნაცარია,
თვალებსაც არ ვნებს, არ იწვევს ცრემლდენას.
შეყრისას გგონია, რომ ფიფქები გალღვება გუგებზე,
სიმინდის ფქვილს კიარ ჰგავს,
ან უდაბნოს მტვრადქცეულ ქვიშას,
რომ გეტკინოს და გაგაგიჟოს.
ნაცარს მოჰყვება ინსტრუქცია,
თუ რამდენი მუჭის შეყრაა საჭირო,
სასურველი შედეგის მისაღებად,
რამდენ ხანს მოქმედებს და ა.შ.
მთავარია, რომ კარგად დაუმიზნოთ,
ადრესატს გახსნილი უნდა ჰქონდეს
ქუთუთოთა ჟალუზები,
ჩამოწევა ვერ უნდა მოასწროს შეყრამდე,
იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერაფერს იგრძნობს,
შესაძლოა ხბოს თვალებითაც შემოგხედოს,
განიშნოს, აჰა, ჩემი ჭკვიანი თვალები, შემაყარეო!
კმაყოფილიც შეიძლება დარჩეს,
დაღლილი უცხო საგნებისა და სივრცეების ცქერით.
მხოლოდ ზოგი განაწყენდება,
როდესაც თვალსაწიერი დაუმოკლდება,
ბაც ფერებში რომ დაინახავს უცებ ირგვლივეთს.
მაგრამ ასეთ დროს განმეორებით შეყრა შველის,
ძალიან შველის.
სოფლის ნატურალური,
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ნაცარია,
არც ძვირი არ ღირს უსაშველოდ, მაქვს განვადება.
კანონს არ ვარღვევ ზოგიერთივით, ლეღვის ნაცარს არ ვყიდი,
რომელიც მწარეა და მავნებელი,
თვალების აწვა ახასიათებს და ჩინდაკარგვა.
დილაობით რუსთაველის 8 ნომერთან ვდგავარ,
აქ ყველაზე კარგად იყიდება,
შარვალ-კოსტიუმებში გამოწყობილი
სარფიანი კლიენტების რიგი მედგა,
ამბოლოს აღარ დადიან, მეტი აღარ სჭირდებათ ალბათ.
მოდიან უბრალოდ ჩაცმული ადამიანებიც, ხელის ცეცებით,
მგონია, რომ ნაცარი სურთ, უნებლიედ მეჯახებიან,
მერე კი ბოდიშს მიხდიან და გამცდებიან,
მთვრალებივით მიბარბაცებენ,
დღემდე ვფიქრობ,
ნეტავ რა სჭირთ, რამ დააბრმავათ?!
თ. ჭახნაკია



























