ვახტანგ ღლონტი
მოთქვამს დედა თებე,რვალის
ზარ-ეჟვნების ჟღარუნით…
მახსოვს ვალი – თებერვალის,
მტრის ,,დელიავრანუნით.’’
იუნკრების ტაბლა,ხმელა
პურითა და ღვინოთი…
კოჯორი და ტაბახმელა,
გუშაგის ხმა -,,ვინ მოდის?!’’
ვინ მოდის და,- შენს და მის მტერს
შენ ვინც არ დაგანება,
ვისაც სურხარ ,,პამესტიედ’’,
არა არდაგანებად…
ვინც მოღობა,სათავისოდ,
სხვისიც,რკინის მესერით;
ასეთია, სამთავისო,
,,ტავარიშჩ ესესერი…’’
უღმერთო და ლოთიშფოთი,
საცვლის უამხანაგოს –
დახეული ჩექმაბოტით
მსოფლიო სურს განაგოს.
წინ მოუძღვის მოქართველო,
დიდად ნაქართველარი;
ყვირის -,,ძმის თავს მოგართმევ’’-ო,
მგონი,მართლა ვერ არი…
ძმის ლეკვებს კი,ძია რუსი,
სულაც არ ედიდებათ;
ქუხს ზალა და იარუსი –
,,საქართველოს დიდება!’’
ბჭენი თებეთბილისისა
თავის მკერდით მოფიცრეს;
სიკვდილსმერე ღმერთი იცავს
პირტიტველა ოფიცრებს.
ვერმოსწრებულ სიყვარულებს,
ვერახდენილ ოცნებებს;
სატრფოს ნაცვლად,მისგან მიყრილ
მიწას მოიკოცნებენ.
ვისმენ ყმუილს დედამგლისა,
მწარე სად და ტკბილი სად…
მე ინგლისი მემანგლისა,
ვერ ვცნობ ტფილისს ტბილისად!
მთავრობა კი,უნისონით,
უკანმოუხედავად
გარბის ისევ…უმისობით
მგონი,უფრო მხნედა ვართ!
სისხლიც ბლომად…ცრემლიც ბლომად…
დაგვამსგავსა რამაც ცხვრებს…
ბიჭო,ეს რა სამშობლოა,
სუყველას რომ გვამარცხებს?!
ვახტანგ ღლონტი
25 თებერვალი,2021 წელი
























