წითელი კვერცხი ანუ აჭარელის ჭვირული სული
მე რა ,
წითელი კვერცხი ვარ?-მეთქი-
მითქვამს , როდესაც მანსხვავებდნენ ავად თუ კარგად,
მითქვამს დატუქსულს, მითქვამს შექებულს, და არაფრად ჩაგდებულსაც მითქვამს…
ანუ სულ მიკვირდა, რა იყო ეს წითელი კვერცხი ზოგადად ,
ან რაში მდგომარეობდა ამ ფრაზის არსი …
და ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა წითელი ყელსახვევი მეკეთა
და ყველაზე მეტად წითელი ვარსკვლავის ხატვა მეხერხებოდა…
მახსოვს , ე.წ. კიოსკებში, სადაც ბევრი საინტერესო ნივთი იყიდებოდა ,
ჩვენთვის, ანუ ნორჩი ლენინელებისთვის, ვიტრინაში გამოკრული იყო
ლენინის ზეტრაგიკული ცხოვრების ამსახველი ,,ატკრიტკები”
და როცა მათ ვათვალიერებდი,
გულწრფელად ვწუხდი ლენინის ბედკრული ცხოვრების გამო…
იმიტომ, რომ ასე მასწავლიდნენ და მე წითელი კვერცხი არ ვიყავი…
გარდაქმნამ, ანუ ე.წ. პერესტროიკამ, სხვა რელსებზე გადაგვაწყო.
პირველი რაც იყო, რუსულად ლაპარაკის შემრცხვა,
არადა, ისე გავიზარდე,
მამაჩემს მამას ნაცვლად პაპიკოს ვეძახდი და სულ მიკვირდა ,
რუსული მამა და ქართული დედა
ასე რატომ ემთხვეოდა და თან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან…
ეს თითქმის იგივეა, დღეს პლანშეტების გადამკიდე ,
ინგლისურ მულტფილმებზე გაზრდილ ბავშვებს,
ქართულის გააზრება რომ უჭირთ…
მოკლედ,
ვატყობ რომ პედიატრიასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაში
დღესდღეობით ფართოდ დამკვიდრებული დიაგნოზი
,,ხელოვნური აუტიზმი”,
ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების დასაწყისში მქონდა…
ბევრად უფრო ადრე ,,პერესტროიკამდე”…
ან რატომ არ უნდა მქონებოდა, წითელი კვერცხი ვიყავი ?
კომუნიზმის გადავარდნამ,
ჩემს თვალში ყველაზე მეტად რელიგიური ასპექტები წამოწია წინ.
ჩემი არააჭარელი საახლობლოს სუფრებზე, მეტყველებაში, ტრადიციებში
თუ ყოველდღიურ მეტყველებაში
ისე მოთამამდა,მოჭარბდა და გამოაშკარავდა
ქრისტიანული რელიგიისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკისა
და წეს-ჩვეულებების ყოფით ცხოვრებაში შემოტანა,
რომ მათი პროგრესი
აჭარლების მასობრივი ნათლობების საპირწონედ დავაყენე…
ვერ გავუტოლებდი თუ რა ? განა , მართლა წითელი კვერცხი ვიყავი ?
ოთხმოცდაათიან წლებში, ყველაზე რთულ და საინტერესო პერიოდში,
როცა პირველი პროფილური გიმნაზიის არაჩვეულებრივ გარემოში მოვხვდი,
სადაც ბონუსად მერგო კი არა,
ტუზივით დამეცაც არ იქნება სწორი პერიფრაზი…
აი, პირდაპირ ჯეკპოტი მოვიგე,
როცა ჩემი ცხოვრების მთავარი მასწავლებელი,
თამთა კვარაცხელია,
მოგვევლინა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრების კომპასად,
მივხვდი, რომ ყველაზე სწორ და საინტერესო ეპოქაში მიწევდა ადამიანად ფორმირება.
ჯერ კიდევ ე.წ. თინეიჯერს ბარბარიზმზე, ქართულად კი ნინველს,
ძალიან მეცოდებოდნენ ის ადამიანები,
რომლებიც ისე მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან უცხოეთში თუ საიქიოში ,
რომ არ ეძლეოდათ შანსი
ეროვნული მოძრაობის თანამონაწილე გამხდარიყვნენ…
მაშინ ამნაირად აზროვნებდა ყველა …
და მე მართლაც წითელი კვერცხი უნდა ვყოფილიყავი,
ცხრა აპრილის სიცხადე გასიგრძეგანებულ ბავშვს,
სხვა ბავშვებივით არ მეგრძნო ჩემი ეპოქის უნიკალურობა.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა,
სამი წინ , ორი უკან ნაბიჯებით სვლამ,
პროგრეს-რეგრესის დაპირისპირებამ,
ბევრის გაპოლიტიკოსებამ, იმდენივეს ნიჰილიზმა,
და ვიღაც-ვიღაცების დეგრადირებამ
ისე დააქუცმაცა როგორღაც შეკოწიწებული ეროვნული პროცესები და იდეალები,
რომ მენტალური თვალსაზრისით ნაწილობრივ წინ და
ნაწილობრივად ხელიდან წასულებსაც
პირზე ლაგამი, ფეხზე დოლაბი და წელზე არტახი გამოგვება.
ლაპარაკისა და მოძრაობის შეზღუდვის შემდეგ,
მოხდა ისე, რომ ფიქრის უნარი გაგვიასმაგდა…
ფიქრმა ოცნება გვასწავლა, ოცნებამ ნატვრა,
ნატვრამ წარმოსახვა გაგვიმახვილა,
წარმოსახვამ წერისკენ გვიბიძგა
და რომელი წითელი კვერცხი ვიყავი,
სხვების მსგავსად, წერა მეც არ მეცადა ?
წერა წერაში კი იმდენი სისულელე შემომეწერა,
გაზრდის ნაცვლად გული მჯიღივით შემომეწურა …
როგორც აჭარლების უმეტესობა,
მეც უაღდგომოდ გათენებული წლების სათვალავში გავიხლართე
და მშიერი ბავშვივით თვალი გამექცა დანარჩენი საქართველოს მიერ
მკერდში საგანგებოდ დამალული ჯვრის,
კექსის ფორმით შენიღბული პასკისა და
საფლავზე ჩუმად გადაგორებული კვერცხისკენ…
მეც მინდოდა,
ჩემს წინაპარს ,,მამაო ჩვენოსავით” სცოდნოდა ,,მამაო ჩვენო”…
დიახ , მინდოდა და მთელი შეგნებული ცხოვრება,
ქრისტედაკარგულ აჭარლობაში ქრისტეს ვეძებდი…
ყველა გამონათებაში მზეს ვხედავდი,
ყველა სიბნელეში მთვარეს…
ახლახანს, საზღვრის იქითა საქართველოდან სისხლით და ხორცით ჩვენებურმა ,
ჯიშით და ჯილაგით პირუთვნელმა ქართველმა ,
სრულიად უნებურად , კომენტარის გარეშე,
გაზაფხულზე გადაღებული თავისი ბოსტნის ფოტო გამოფინა სოციალურ ქსელში,
სადაც საფრთხობელას ნაცვლად , ფიჩხებზე წამოცმული კვერცხებია გამოხატული.
რა თქმა უნდა, მაშინვე დავსვი კითხვები და ამ ჩვეულების სიღრმეებში ჩავედი…
ფაქტის მნიშვნელობა ჩვენს სულმოკლეობასავით მწირი და მოკლე აღმოჩნდა.
მაგრამ, მარტო ის რად ღირს,
როცა იცი, რომ ,,ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია”…
ამიტომაც, ამის შემხედვარემ და იმის გამსიგრძეგანებელმა ,
რომ ბევრი სიმბოლური დამთხვევა და ქვეტექსტი იყო ამ ჩვეულებაში,
მართლა წითელი კვერცხი უნდა ვყოფილიყავი,
რომ ეს თეთრი კვერცხები, ბამბის ქულებივით მიბნეული ფიჩხებზე,
მარტოოდენ ჩიტების საფრთხობელად ჩამეთვალა
და არა სააღდგომო რიტუალის სახეცვლილებად…
რომ ნათესებზე დაყრილი კვერცხის ნაჭუჭები
მართლაც ჭია-ღუას საწინააღმდეგოდ დაყრილად მიმეჩნია
და არა ქრისტეს მიერ ჯვარცმიდან მესამე დღეს გამომტვრეული აკლდამის სიმბოლოდ…
.. და ყველაფერ ამის შემდეგ,
მჭადზე ჯვარი და ჯვარზე გაკრული აჭარელის ჭვირული სული,
საკვირველია , ადამიანო ?
მზია სალვარიძე



























