ნოდარ დუმბაძე სწორედ იმ თაობას ეკუთვნის ჩვენი მწერლებისას, რომელთაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურა შექმნეს და, არსებითად, მათ მხრებზე დგას ეპოქის ეს ნაწილი, მეორე ნახევარი მეოცე საუკუნისა.
ნოდარ დუმბაძე იშვიათი ბუნებისა და იშვიათი თვისების ადამიანი იყო. მას, როგორც პიროვნებას, ძალიან მძიმე და მტკივნეული ცხოვრება ჰქონდა გავლილი და ამ მტკივნეულმა ცხოვრებამ, ამ სიმძიმემ ვერავითარი ზეგავლენა ვერ მოახდინა მის ხასიათსა და ბუნებაზე. ის როგორც იყო შინაგანად ხალასი, მხიარული და სიცოცხლით სავსე კაცი, ბოლომდე ასეთი დარჩა. თუმცა, რატომღაც უზენაესმა მას ობლობაც არგუნა, შვილის უდროო სიკვდილიც, მერე უმძიმესი ავადმყოფობა და სხვა ამგვარი ბევრი გასაჭირი, ათასგვარი რაღაც ისეთი, რომელმაც თითქოს უნდა გატეხოს ადამიანი, მაგრამ მას აღმოაჩნდა შინაგანი სიმტკიცე – ამ სამყაროსათვის, ამ ცხოვრებისათვის მაინც ეყურებინა ხალისით, ეყურებინა მხიარულად და ეს სხვისთვისაც გადაეცა, სხვისთვისაც ჩაენერგა ენერგია, ჩაენერგა ცხოვრების სიყვარული, ცხოვრების ხალისი.
მთელი მისი შემოქმედება ამ ხალისით არის სავსე.
ჩემი დაკვირვებით, ქართულ მწერლობაში სიცილს სამი მიმართულება აქვს: პირველი – ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის, მეორე – დავით კლდიაშვილისა და ნიკო ლორთქიფანიძის, მესამე – ნოდარ დუმბაძისა.
როცა ილია და მიხეილ ჯავახიშვილი ხარხარებენ, გაწნული სილის ტკაცუნი ისმის. მამხილებელი ძალა სირცხვილით გწვავს და გდაღავს.
როცა დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე იღიმებიან, სევდა გეუფლებათ და ადამიანის მიმართ თანალმობის სურვილი გიჩნდებათ.
როცა ნოდარ დუმბაძე იცინის, მხიარულების ძალით ივსები. სიცილი გაჭირვების დამთრგუნველი იარაღია.
ვფიქრობ, ამ თვისებით განსხვავდება იგი ყველა სხვა მწერლისაგან, როგორც თანამედროვე, ისე წარსულისა. ქმნის ამ მხრივ სრულიად ახალ მიმართულებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის გამაგრძელებელი არ ჩანს, თანაც იმ დონეზე, რა დონეზეც ამას ნოდარ დუმბაძე აკეთებდა.
























