
ცხოვრების შემოდგომა დამიდგა, საინტერესო და ჩემთვის მნიშვნელოვანი…
დაგვიანებული მოკითხვის, ან სულაც, მივიწყების გამო აღარავის ვსაყვედურობ გულის იმ ნაწილის ამპუტაციას, ჩემი სახელი რომ ერქვა.
ჩემი მეორე (თუ პირველი) ნახევრისგან მორთმეულ გვირილებს აღარ ვპუტავ იმაში დასარწმუნებლად, კვლავინდებურად ვარ თუ არა მისთვის ქართლის გვირილა.
სახლის წინ, ფიჭვებში დაბუდებული ჭოტის მონოტონური კივილი, კარგა ხანია, იავნანასავით ჩამესმის შუაღამით.
აივანს შემოჩვეული მტრედებიც კი აღარ მაბრაზებენ თავიანთი სკლინტური მხატვრობით. დაე, იღუღუნონ და სკლინტონ! მუხლი ჯერ კიდევ მიჭრის და მოვწმენდ.
ლაბრადორი რომ არ შემომახტება ჩემს ჭრელა-ჭრულებთან მისულს, თავს ვიმუნათებ, ეტყობა წყენა ახსოვს იმ დროიდან, ჩემს ალოკვას როცა ცდილობდა, მე კი სიყვარულს ვუშლიდი…
მოკლედ, დავღვინდი და მღელვარე სიუჟეტებიდან მემუარების ჟანრში გადავინაცვლე. ახლა მთავარია, არ დავძმარდე!
რა არ შეცვლილა?! – მშობლების სახლიდან გამოსულს უწინდელივით მიხარებს გულს აივნიდან მაცქერალი ცერცვის თვალები, მე კი ხელს ვუქნევ (ღმერთო, დიდხანს დამატკბე ამით);
სულს კვლავინდებურად ჩემი ქვეყნისგან არშემდგარი სახელმწიფო და მისგან მოგლეჯილი ორგანული ნაწილები მიმძიმებს (ტერიტორიებსა და მიწებს რომ ვეძახით), მაგრამ მისი წამლობის გზა უკვე ვიცი – განათლების პრიორიტეტულობაა საჭირო, რაც გამოხრული ძვლის მომლოდინეობას კი არა, ღირებულებებისთვის ქალამნის ძირად დადებას გვასწავლის და, აი, მაშინ აგვიხდება კვირაძლის სიზმარი!
არც თქვენდამი მადლიერებას ვკარგავ, ჩემი ნახევარსაუკუნოვანი სიავკარგის მოლოცვისათვის. როგორ არ უნდა მიხაროდეს ჩემი ოქროსფერი შემოდგომა!
























