ნათია სიხარულიძე: სასტუმროს დერეფანში მოვდივართ გალაკტიონი და მე. მოვდივართ და მოვსაუბრობთ, ძირითადად, გალაკტიონოლოგიაზე, როგორც მეცნიერების დარგზე.
- ბევრი მტერი ჰყავს, ძამიკო, თქვენს გალაკტიონს, ბევრი მტერი! მაგრამ პატრიოტებიც ხომ ჰყავს?! მერე?! სირცხვილი არ არის, რომ დღემდე, საქართველოში, არსებობს შექსპიროლოგია და არ არსებობს გალაკტიონოლოგია, როგორც ასეთი?!
- ბატონო გალაკტიონ, – ვიწყებ მე ფრთხილად და ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს გამოცდას ვაბარებდე, – რა მნიშვნელობა აქვს დროის ამ თვალშეუდგამ უსასრულობაში ათს თუ ოც წელიწადს, როცა საუკუნეც კი თვალის დახამხამებაა… გაივლის ოცი წელიწადი, ძალაუფლება ჩვენი თაობის ხელში აღმოჩნდება და ჩვენ, ჩვენი თაობა დააფუძნებს გალაკტიონოლოგიას… ნუ სწუხართ თქვენ მაგას!
გაიხარა, ფრთა გაშალა, გაიფოფრა და გადიდდა: - აგაშენა ღმერთმა! სწორი ხარ, ძამიკო! რა მნიშვნელობა აქვს ათსა თუ ოც წელიწადს!
გალაკტიონისა და მურმან ლებანიძის ამ დიალოგიდან დაახლოებით ოთხი ათეული წლის შემდეგ, გენიალური პოეტის ეს ოცნება რეალობად იქცა:
2001 წელს, თეიმურაზ დოიაშვილის ხელმძღვანელობით, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაარსდა „გალაკტიონის კვლევის ცენტრი“, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გამოსცემს სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულს „გალაკტიონოლოგია“ და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
































