*** (ფრაგმენტი)
ყველას მადლობა,დიდი მადლობა,
ვინც არ მაცალა ცასთან წაწლობა.
ვინც გამიმწარა წამი თაფლობის
ქალწულ სიტყვასთან,ვისაც დაბლობი
ეგონა ჩემი ცხადი გოლგოთა
და ჯვარიც, თხემზე რომ ამომქონდა,
ძელი ეგონა ვისაც უბრალო,
ყველას მაგიერ გმადლობ,უფალო.
რადგან შენა ხარ ერთი – ყველაში;
შენს შარავანდედს უნდა შევაშრე
ობოლ ცრემლად ან სისხლის წვეთებად,
შენ მაპატიე ეს აცეტება.
უნდა დავბრუნდე,უნდა დავბრუნდე,
ჩემთვის უნდოა ყველა სხვა ბუდე,
ჩემთვის უცხოა ყველა სხვა ბაგა,
მამაო ჩემო,რა მინდა სხვაგან.
რას,რას გაიგებს სხვა სხვათაგანი,
რა იყო ფიქრთა ჩვენთა საგანი;
ჩვენ ჯვარზე გვედგა პირველაკვანი.
საქმე ჯვარცმაა,ხოლო თაყვანი
არის ქენჯნილი სულის ყაყანი,
გზა სირცხვილიდან ამოსაყვანი.
ჩვენ უფლის კვალზე აღვბეჭდეთ კვალი –
ბაბუით,მამით,შვილებით…ხვალით!
ვინც დააღვინა სუფრაზე წყალი
მან შეგვირია ამ სისხლში ღვინო,
ოთხსათავით რომ გამოვიდინოთ.
ღირს კი ვარწმუნოთ ვიღაც თომანი,
ვითმინოთ ქაჯთა ,,ჯიღა თომარი”
და ჭრილობებში ხელის ფათური…
ჩვენი ბეთლემი იყო ბათუმი!
ვახტანგ ღლონტი




























