სინამდვილეში ომი აფხაზეთში 1989 წლის 15 ივლისს დაიწყო. აი, სწორედ, მაშინ აპირებდა კრემლი და მისი მარიონეტი აფხაზური სეპარატიზმი ყარაბაღის კარტის გათამაშებას. მაგრამ მაშინ კრემლის კარტი ჩვენმა ეროვნულმა ერთობამ დაბლოკა.
მაგრამ ჩანდა, რომ მშვიდობა დროებითი იყო. რეალურად კი, ამ დროს, იქ ნერვების ომი მიმდინარეობდა.
„ჩრდილოელი“ მაინც არ გვეხსნებოდა და ბოლოს ისე დაგვშალა, რომ 1992 წლის 1 იანვრის ფეიერვერკი რუსთაველზე კალაშნიკოვმა და ჰაუბიცამ შეცვალა.
აწი უკვე აფხაზეთში ომის განახლებას ხელს არაფერი უშლიდა და 1992 წლის 14 აგვისტოც დადგა. ამის შემდეგ ერთობის ძალა ვეღარ ვაჩვენეთ…
ომები, თურმე ზაფხულობით იწყება…
ზუსტად 30 წლის წინ, ასეთსავე მშვენიერ ზაფხულის დღეს, რუსეთმა, აფხაზი სეპარატისტებისა და ჩრდილოეთ კავკასიელი ბოევიკების ხელით, დამოუკიდებელ საქართველოს მეორე ფრონტი გაუხსნა აფხაზეთში.
რუსეთის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულმა მათხოვრებმა და კაცისმკვლელებმა ქართველის სისხლით დღემდე მოტანილი სამოთხე ჯოჯოხეთად გვიქციეს.
ეს ომი იყო ქართველი ხალხის მიზანმიმართული გენოციდი.
არავის ინდობდნენ.
ამ ომმა ბევრი გმირი შვა.
ზოგს სახელი დარჩა, ზოგის სახელის აღმოჩენა კიდევ წინ გვაქვს.
ეს ის ომი იყო, სადაც ქართველი პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები, რომლებსაც გაქცევა შეეძლოთ, სიცოცხლის გადარჩენა შეეძლოთ, მაგრამ ბოლომდე დარჩნენ და თავი დასდეს სამშობლოსათვის:
- მიხეილ ალექსანდრეს ძე ჯინჭარაძე – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქ. გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს;
- ჟიული შარტავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი, დახვრიტეს 1993 წლის 27 სექტემბერს;
- გენო აკაკის ძე ადამია – საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი, დახვრიტეს 1993 წლის 27 სექტემბერს;
- გურამ გაბესკირია – ქალაქ სოხუმის მერი, დახვრიტეს 1993 წლის 27 სექტემბერს.
ამას გარდა, არა ერთი ექიმი, მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, სასულიერო პირი. მათ შორის მღვდელ-მონაზონი ანდრია (ერისკაცობაში – პაატა ყურაშვილი; დახვრიტეს 1993 წლის 5 ივლისს).
და კიდევ ბევრი სახელი….
დაუჩოქებელ ქართველთა თაობაა.
დაუჩოქებელთა!!!
ვერ დააჩოქეს და ზეაღმართულნი წავიდნენ უფალთან და დედა ღვთისმშობელთან წმიდა გიორგის სახელოვანი მემკვიდრენი!
14 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ზეიმობს შემოყვანებას პატიოსანთა ძელთა უფლის ცხოველმყოფელისა ჯვარისა. მარხვა…
27 სექტემბერს კი – მსოფლიო ამაღლებას პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა. მძიმე მარხვა…
აფხაზეთელებმა ჩვენს გოლგოთაზე ჩვენი ჯვარი ავიტანეთ და დღემდე მძიმედ ვმარხულობთ უაფხაზეთობას…
მაგრამ ჯვარცმას ხომ აღდგომას მოსდევს!
თუმცა, ამის შემდეგ ვიღაც კიდევ იტყვის, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარია?!
ჯვარცმის დასასრული აღდგომაა!




























