გალაკტიონის ლექსი „ტფილისთან“ – დაწერილი 1921 წლის წლის თებერვლის ისტორიულ დღეებში, თბილისის მისადგომებთან გამართული ბრძოლის წინ.
ნათია სიხარულიძე
ტფილისთან
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ომებში იწოდა,
ვინც ირაკლის მარადისი
აღტაცება იცოდა!
მოდიოდა ერთზე ასი –
გზა გვშვენოდა დიდების,
ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი
მტერთან არ-დარიდების!
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც შიშმა ვერ დახარა.
ავდგეთ ფეხზე და ტფილისი
ვადღეგრძელოთ ჭაღარა.
ამგზნებელი ჟრუანტელი
ვის სისხლში არ ენთება,
ოდეს მისი დღევანდელი
გული გაახსენდება.
იყოს მისი მთა და ველი
ჩვენი ზრუნვის საგანი,
რომ დაინთოს ერთი ძველი,
ძველი გრიგალთაგანი.
მის კარებთან გვეჩვენება
ჩრდილი არევ-დარევით,
რომ წყევლა და შეჩვენება
დახვდეს მეგობარივით.
თითქოს კარი დარაზოდეს,
სურთ ტფილისის მიგნება.
არასოდეს, არასოდეს!
ის სხვისი არ იქნება.
აქ სიკვდილი და ხალისი
ვის სხვად არ ესვენება –
სადღეგრძელო იყოს მისი
და დიდებით ხსენება!
Galaktion Tabidze
/ჟურნალი „სახალხო გვარდიელი“, 1921 წელი, 20 თებერვალი/
.






























