ეს 60+ საზოგადოება ძალიან რომ გაიოცებს ხოლმე:
გალაკტიონმა წყნეთში სახლი როგორ აიშენაო, ქალაქის ცენტრში ბინა როგორ იყიდაო…
ნეტა, მე ვცხოვრობდი სსრკ-ში თუ ესენი?!
შესიტყვება „ბინა მიიღო“ ვითომ პირველად გაიგეს , ან „აგარაკი გამოუყვეს“?!
და კიდევ ახალი:
რაიო?! გალაკტიონი სოხუმში სახლის აშენებას აპირებდაო?!
საიდან, როგორ, რა ფულითო?!
აკი უჭირდა და უფულო იყოო?
რაც გალაკტიონს სოხუმის სახლის მშენებლობისას გადახდა აქ რთული მოსათხრობი იქნება. მისი ჩანაწერები წაიკითხეთ და ყველაფერს გაიგებთ. ისიც გაიაზრეთ, რა ქვეყანაში ცხოვრობდა, გაარკვიეთ, რა ვითარების გამო გადაწყვიტა სოხუმში საცხოვრებლად გადასვლა, იქნებ ისიც გაიკითხოთ, სხვა მწერლები როგორ ცხოვრობდნენ და ა.შ. და ა.შ.
მანამდე კი ამ ლექსს გაგიზიარებთ. სწორედ სოხუმის სახლის მშენებლობის დროს დაწერილს.
შავი ზღვის პირად
ხე იდგა მრუდე,
მაგრამ ლამაზის
მრხეველი რიდის,
და მის ტოტებში
უცნობი ჩიტის
მე შევამჩნიე
ურყევი ბუდე.
ვთქვი: ჩიტსაც კი აქვს
თავისი ზღუდე,
მე კი – მოხეტემ
კიდითი კიდის –
არ ვიცი ეს გზა
საითკენ მიდის,
და მაინც უნდა
ამ გზებს გავუდგე…
ჩიტსაც ხომ ბუდე
აქვს საკუთარი,
თავშესაფარი,
ნავთსაყუდარი,
შავი ზღვის პირს რომ
ასე დაშვენდა…
და მე კი, მართლაც
საკვირველია,
ათი წელია,
ოცი წელია,
ერთ ქოხს ვაშენებ
და არ აშენდა!
/გალაკტიონი. 1956/
p.s. ერთ-ერთ ჯგუფში ოთარ ჭურღულიას მოგონება გავაზიარე გალაკტიონზე. ჰოდა, ამჯერად იქ გაიოცეს, სოხუმში სახლი როგორ აიშენა გალაკტიონმაო.































