50 წელი აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის გარდაცვალებიდან
1887 წლის 13 აპრილს, ლეჩხუმის ერთ-ერთ მშვენიერ სოფელ დერჩში, თავად სარიდან (სარდიონ) კაციას ძე ახვლედიანისა (1844-1932) და ეგრასტი (ეპრაქსია) ოქროპირის ასულ ასათიანის (1855-1942) ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც – გიორგი დაარქვეს. იმხანად მხოლოდ უფალმა უწყოდა, რომ ქვეყანას მოევლინა მომავალი დიდი ქართველი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე-ლინგვისტი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ელოდა…
გიორგი ახვლედიანი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და მისი პროფესორი (დაარსების დღიდან), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ჩრდილო-ოსეთის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოებისა და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი. გარდაიცვალა 1973 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში მდებარე მის დამაარსებელთა პანთეონში.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ახვლედიანის პროფესიულ დაოსტატებაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა პროფესორმა ხარკოვის უნივერსიტეტში – იანის ენძელინსმა (1873-1961), იმავე ენძელინმა, რომელიც გამოჩენილი ლატვიელი ენათმეცნიერი გახლდათ. მისი დაბადების 150 წლისთავს, წლეულს, ლატვიის სამეცნიერო საზოგადოება საზეიმოდ აღნიშნავს.
ამ ორი დიდი მეცნიერის მეგობრული ურთიერთობისა და მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ დავწერე სტატია, რომელიც 1 ივნისს, ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ისტორიულ-შემეცნებით ჟურნალში „ისტორიანი“ (№ 128), ხოლო ამ რამდენიმე დღის წინათ, ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში “LZA Vēstis” (A daļa, 2023. g. 1. numurs):
http://www.lasproceedings.lv/en/category/proceedings-of-las-section-a-publications/proceedings-of-las-section-a-1-2023/
ჩემი სტატია, ცალკე: http://www.lasproceedings.lv/wp-content/uploads/2023/06/3_Nikolajs-Dzavahisvili.pdf
უფალმა ნათელში ამყოფოს დიდი ქართველი და ლატვიელი მეცნიერების – გიორგი ახვლედიანისა და იანის ენძელინსის სულები!
ფოტოზე:
ამ სტრიქონების ავტორი ქალაქ რიგაში, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში, აკადემიკოს იანის ენძელინსის პორტრეტთან.





























