1900 წელს გალაკტიონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა.
ათწლეულების შემდეგ პოეტი ასე გაიხსენებს ქუთაისში გამგზავრების ამბავს:
ავტორი: ნათია სიხარულიძე

დედა
მახსოვს: მე – პატარა, დედაჩემი და ბიძაჩემი ვართ ბიძის აივანზე.
ბიძა წამოწოლილია სკამლოგინზე.
მე და დედაჩემი ფეხზე ვდგევართ.
– კარგი, მიდიხართ. მიგყავს ბავში ქუთაისში. შენ მას იქ თავს უნდა დაადგე. აქ სახლს რას უშვები?
– სახლს ჩავკეტავ. შიგ მაინც არაფერია ისეთი.
– არის, ვიცი, რომ არის.
– სახლი თქვენი სახლის წინა დგას. თქვენ მიხედავთ ხოლმე.
– არაფერსაც არ მივხედავთ. არავითარი საშუალება თქვენ არა გაქვთ, რომ ბავში აღზარდოთ. დარჩით სოფელში. ბავში ნურსად მიგყავთ. ეს არის ჩემი რჩევა.
– არ შემიძლია, საწყალი ვასილის სიკვდილის წინ უკანასკნელი სიტყვები იყო: ბავშებს მიხედე, ბავშები გაუნათლებელნი არ დატოვო. ჩემი ძმა, იუსტინე დაგეხმარებაო…
მახსოვს, დედაჩემს თვალთაგან ცრემლები გადმოსკდა.
– მე არაფრით დახმარება არ შემიძლია. მე თვითონ საშინელ გაჭირვებაში ვარ.
– მე თქვენ არაფერსა გთხოვთ, – უპასუხა დედაჩემმა, – მე მხოლოდ რჩევისთვის მოგმართეთ.
აღარ მახსოვს, რა უპასუხა ბიძაჩემმა“.
🔷 გალაკტიონის დედამ, ახალგაზრდა ქვრივმა მაკრინე ადეიშვილმა როგორღაც მოახერხა და ორივე შვილს იმ დროისათვის კარგი განათლება მიაღებინა.
წიგნიდან: „გალაკტიონი. 200 ამბავი“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2019 წელი





























