ირაკლი ნადარეიშვილი
ნეტაი …
ნეტაი, სადმე დაგლანდო,
პირისპირ შაგეყრებოდე,
ერთხელ გვერდით არ მაგისვა,
ისე არ ამოვწყდებოდე.
ჩემად ხელი არ მაგხვიო,
მკერდში არ ჩამეკვრებოდე,
ისე არ მავკვდე მწყურვალი,
ცვარად არ წამეყრებოდე.
ნეტაი, სანამ ჩინი მაქვს,
ლიბრად არ დამედებოდე,
სხვის ბანს ხარობდე ყოილად,
ჩემსას არც იხედებოდე.
კვალში გიდგავარ, სათოფედ
ვერ გწვდები, რარიგ ვჩქარობდე,
ერთხელ ვერ მოგინადირე,
რომ შენი მადლით ვხარობდე.
თავი რით ვერ მოგაწონე,
ჩემად ერთხელ რომ დარობდე,
არც დასაწინდად გინდოდე,
არც წაწალივით მყვარობდე.
ნეტაი, სადმე წაგასწრო
მთქორავდე, არა ვნანობდე,
ნაბდის ქვეშ შემოგიწვენდე,
აღარც ავდარსა ვჯავრობდე.
ვერ მოგიხელთე, იღბალო!
თავზე რომ შამოგვლებოდე,
ერთხელ ჩემადაც მეგულე,
ვიდრემდე არ მავკვდებოდე.
31.08.2023 წ.































