
გიორგობას გილოცავთ ქართველებო, აფხაზებო!
Kakha Kvashilava: აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „ზღვის კიდეზედ… არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა… უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული“.
ილორის წმ. გიორგის ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული ოდიშის საერისთავოში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, იმდროინდელი ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მოხდენილი პროპორციებით. იგი აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით სხვადასხვა დროინდელი მინაშენები აქვს. ეკლესიას კარები დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს, ხოლო შიდა სივრცე განათებულია ექვსი სარკმლით. ეკლესია მოხატული ყოფილა ფრესკებით. უკანასკნელ ხანებამდე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვის ფილებზე შემორჩენილი იყო ხუთი ქართული ლაპიდარული (ქვაზე ამოკვეთილი) წარწერა:
„წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი“.
„ქ. წმიდაო გიორგი, შეიწყალე მთავარეპისკოპოზი გიორგი“.
წარწერის ფრაგმენტი: „ქ. წმიდაო გიორგი ილორისაო შეიწყალე…“
„წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი გურგენის ძე“.
„წმიდაო გიორგი, შეიწყალე გიორგი ქოჩოლავა მღვდელი; წმიდაო გიორგი მფარველ მექმენ დიდსა ამას დღესა“.
მეექვსე ქართული წარწერა, რომელიც ასევე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზეა ამოკვეთილი, სამსტრიქონიანია, თუმცა არ იკითხება.
ილორის წმ. გიორგის ეკლესია დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. ტაძარი მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით. დიდხანს ის ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ეკლესია-მონასტრების საეკლესიო ნივთების სალაროს წარმოადგენდა. ამ ტაძარში იყო დაცული ბედიის ბარძიმი (X ს.) და სხვა საეკლესიო სიწმინდეები.
ილორის წმ. გიორგის ეკლესიის უმთავრეს სარწმუნოებრივ რელიკვიას წმ. გიორგის ხატი წარმოადგენდა.
ილორის წმ. გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს ვერცხლის დასაკეც, სამფრთიან, ძეწკვით შემკობილ ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი განმარტებითი წარწერებითურთ. ხატი იხსნება და შიგნით გამოსახულია ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი საომარ სამოსელში, რომლის მარჯვნივ ვედრების პოზაში გამოსახულია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა ახლავს. გარდა ამისა, ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ამბავს.
XIX საუკუნის ბოლოს ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში იპოვეს ვერცხლის ბარძიმი. მისი ზედაპირი ისევე, როგორც ბედიის ოქროს ბარძიმისა, თაღედით რვა ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ თაღში მოთავსებულია ფიგურა. შუა თაღში გამოსახულია აღსაყდრებული მაცხოვარი მაღლა აღმართული მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხენა ხელში – სახარებით. გვერდით თაღედში გამოსახულია მაცხოვრისკენ გადახრილი მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი ბარძიმითა და ფეშხუმით. ილორის ბარძიმის თასის პირს მიუყვება ქართული ასომთავრული ერთსტრიქონიანი სავედრებელი წარწერა. ილორის ბარძიმი ბედიის ბარძიმის ანალოგიური იყო, მხოლოდ უფრო მცირე ზომის. ილორის ბარძიმის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.
1730 წელს ოდიშში ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ. თურქებმა ილორის წმ. გიორგის ეკლესია გადაწვეს. მაშინ განადგურებულა ტაძრის მოხატულობა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „შევიდნენ ოსმალნი ილორს, არამედ ხატნი და ჯუარნი და სახმარნი ეკლესიისანი დაეხიზნათ. შეუდვეს ცეცხლი, მოწვეს ეკლესია და აღძარცვეს კრამიტი ბრპენისა და მოსპნეს დახატულებანი და შემდგომად განვლეს და მივიდნენ აფხაზეთს“.
ეს ტაძარი რომ მნიშვნელოვანი იყო ქართველთა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისათვის, ამას ერთი ახლაგამოქვეყნებული ოსმალური ფირმანიც ადასტურებს:
„ქართველების, აფხაზებისა და დადიანის მეტად სათაყვანებელი ილორის მონასტრის დანგრევისა და შიგნით არსებული კერპების დამსხვრევის გამო, სულიერი საზრდოს და შემწეობისა და გამოსავლის გარეშე დარჩენილი, სასოწარკვეთილი ხალხი, სხვა გზას ვერ ნახავს და თანდათან ისლამის ოჯახში შემოვა. ამიტომაც, იქ ძველი სოფთების (სასულიერო პირის დამამცირებელი სახელი) მაგივრად, იმამები, ხატიბები, მუეძინები და მასწავლებლები უნდა ჩამოვიყვანოთ, რის გამოც ოცამდე ბერათი უნდა გამოიგზავნოს და ხელფასები და სხვა ხარჯი გადასახადებიდან უნდა დაინიშნოს“ (დათარიღებულია 1732 წლით).
XVIII საუკუნეში ილორის წმ. გიორგის ეკლესია აღადგინეს. ამ დროს იმერეთის მეფეებმა ალექსანდრე V-მ (1720-1752), სოლომონ I-მა (1752-1784), დავით II-მ (1784-1789), სოლომონ II-მ (1789-1810) მას ყმები და მამულები შესწირეს.
XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის კონსული თბილისში ჟაკ ფრანსუა გამბა აღნიშნავდა: „აფხაზები და მეგრელები განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ ილორის ეკლესიას, რომელიც სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზეა და დაუსრულებლად შეუძლიათ ლაპარაკი აქ მომხდარი სასწაულების შესახებ“.
1868 წლის 27 მაისს, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც 1868-1886 წლებში აფხაზეთის ეპარქიის მმართველი იყო, ილორში ჩავიდა. მოგვიანებით, მღვდელმთავარი წერდა: „ილორის ეკლესია სხვა ეკლესიებს შორის ლამის ყველაზე მეტად არის ცნობილი მთელს დასავლეთ საქართველოში. მეგონა, რომ ვნახავდი ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან უძველეს ტაძარს, მაგრამ ვნახე პატარა, ქვის, შიგნით საკმაოდ ბნელი ეკლესია. თუ თვით ეკლესია არ არის შესანიშნავი, სამაგიეროდ იქ, მრავლად ინახება შესანიშნავი ნივთები, რომლებიც ნაწილობრივ ამართლებენ ამ ეკლესიის დიდებას“.
გაბრიელ ეპისკოპოსმა ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში წირვა ჩაატარა, რომელსაც ხალხი ბლომად დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარი ეკლესიის ეზოში შეკრებილ მრევლს ესაუბრა.
„ნაშუადღევს დავათვალიერე ძველი ხატები, – წერს გაბრიელ ეპისკოპოსი, – რომლებზეც ბევრი ისტორიული წარწერაა ქართულ ენაზე. პატარა, ვიწრო და ნესტიან ეკვდერში ჩრდილოეთის მხრიდან რკინით შემოჭედილ სკივრში დაცულია ვერცხლისა და ოქროს სრულიად სხვადასხვა სახისა და წარმოშობის უამრავი ნივთი და ქვა. აქ არის უიშვიათესი ფორმის წარწერებიანი უძველესი საეკლესიო ჭურჭელი, არის ძეწკვები, ბეჭდები, ადამიანებისა და ფრინველების ვერცხლის ფიგურები. ზოგიერთი ნივთი იმდენად ორიგინალურია, რომ არქეოლოგიური მიზნებისათვის ღირს მისთვის სურათის გადაღება და აღწერა“.
1881 წლის ნოემბერში ტაძარი ინახულა ევროპელმა მოგზაურმა ქალმა კარლა სერენამ, რომელმაც ფოტო გადაუღო ილორის ტაძრის წინამძღვარს ზოსიმე ხელაიას (იხ. ილუსტრაცია).
1912 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა ანდრიამ (უხტომსკი) ილორის წმ. გიორგის ეკლესიის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება განიზრახა. მის განზრახვას წინ აღუდგა ნოვგოროდის ეპარქიაში გადასახლებული ამბროსი ხელაია. 1913 წლის აპრილსა და დეკემბერში გაზეთ „ზაკავკაზიეში“ მან გამოაქვეყნა წერილები: „სასურველია თუ არა ილორის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება“ და „ილორის ტაძრის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთების შესახებ“. ერთ-ერთ არგუმენტად, თუ რატომ არ შეიძლებოდა ქართული კულტურის ამ კიდევ ერთი კერის მოშლა და რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება, ავტორი ასახელებდა ტაძრის არქიტექტურული იერ-სახის დამახინჯების საფრთხეს, როგორც ეს მოხდა ფსირცხასა (ახალი ათონი) და დრანდაში. ამბროსი ხელაიას აზრით, ილორის წმ. გიორგის ეკლესია „ქართველი ხალხის ეროვნულ სიწმინდეს“ წარმოადგენდა, ამიტომ დაუშვებლად მიაჩნდა მისი ხელყოფა, რუსულ მონასტრად გადაკეთება. ასეთ შემთხვევაში, „ილორის სიწმინდე აფხაზეთისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიურ მნიშვნელობას დაკარგავდა ისევე, როგორც დაკარგეს იგი უცხოელთა ხელში გადასულმა ბიჭვინთის, ფსირცხის, დრანდისა და მოქვის ტაძრებმა“. ამბროსი ხელაიას უკომპრომისო ბრძოლამ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის დასაცავად, რომელიც 1916 წლამდე გრძელდებოდა, ნაყოფი გამოიღო და რუსულ მონასტრად გადაკეთებას ის გადაურჩა.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში, ათეიზმისა და ანტირელიგიური კამპანიის დროს, აფხაზეთში მრავალი ეკლესია დაიხურა. 1923 წელს ილორის წმ. გიორგის ეკლესიაც დაიხურა. ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია ხელისუფლების ამ ღონისძიებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო. 40-იანი წლების დასაწყისში ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა. 1952-1953 წლებში ეკლესია ხელახლა მოიხატა, 1959 წ. ეკლესიის გალავანიც აღადგინეს.
ილორობა ყველაზე დიდი დღესასწაული იყო დასავლეთ საქართველოში და დღემდე ასეთად დარჩა. იგი იმართებოდა შუა საუკუნეებში, და შემდეგაც, და დღესაც იმართება გარკვეული სახეცვლილებებით. ილორის წმ. გიორგი ითვლებოდა ავადმყოფობისაგან განმკურნებლად, მართლმსაჯულების განმახორციელებლად, ტყვეთა განმათავისუფლებლად, გლახაკთა ხელის აღმპყრობელად, ომიანობისას შემწედ და მფარველად.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ილორის წმ. გიორგის ეკლესიის არქიტექტურული იერ-სახე საგრძნობლად შეიცვალა: 2007 წელს ეკლესიას რუსული მცირე გუმბათი დააშენეს, ფასადი თეთრად შეღებეს, რომელსაც მოწითალო კანტები დაუყვება. ამით ეკლესიამ დაკარგა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლისათვის დამახასიათებელი იერი, დამახინჯდა მისი იერ-სახე და რუსულ სამრევლო, სოფლის ეკლესიას დაემსგავსა. აღმოსავლეთის ფასადი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. შეიცვალა ეკლესიის ინტერიერიც, ფრესკები შეათეთრეს.
ილორის წმ. გიორგის ეკლესიის არქიტექტურული იერ-სახის შეცვლამ შეაშფოთა როგორც ქართული, ისე აფხაზური საზოგადოება. ისევე, როგორც XIX საუკუნეში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს საბოლოოდ წაშალოს ქართული კვალი აფხაზეთში.
[ამ პოსტის შესადგენად გამოყენებულია პროფესორების Bezhan Khorava, Zaza Shashikadze, Mirian Makharadze, Lia Akhaladze და მკვლევარ Ana Cheishvili -ის ნაშრომები].
გიორგობას გილოცავთ ქართველებო, აფხაზებო!
























