1991-ში, როცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, ჩემზე ბედნიერად არავინ მეგულებოდა. მაშინ, აფხაზეთში, ამ უნივერსიტეტის სტუდენტობა სეპარატიზმის გზაზე შემდგარ აფხაზეთში ქართული სულის განმტკიცების ტოლფასი იყო. მახსოვს 1989 წელს, როდესაც დღის წესრიგში დადგა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქართული სექტორის გამოყოფა და დამოუკიდებელი ქართული უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება, ჩვენ, იმდროინდელი სოხუმელი მოსწავლეები, ყოველ დღე კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრთან ვიკრიბებოდით და მხარს ვუჭერდით ქართველ სტუდენტებს. ამიტომაც, ალბათ, ჩვენც მიგვიძღვის მცირეოდენი წვლილი ამ უნივერსიტეტის დაფუძნებაში.
აღსანიშნავია, რომ ბევრ ჩემს ნაცნობ-მეგობარს შეეძლო სხვა უმაღლესი სასწავლებლის კარი შეეღო, მაგრამ იმ ხანებში მათაც თსუ სოხუმის ფილიალი არჩიეს და ბევრი მათგანი (ეკონომისტი და ინტელექტ-კლუბ „რა?სად?როდის?“ მაგისტრი დავით რაფავა, ისტორიკოსი და, ასევე, ინტელექტ-კლუბ „რა?სად?როდის?“ ერთ-ერთი ლიდერი თეიმურაზ პაპასქირი, მწერალ-მთარგმნელი და ისტორიკოსი ფრიდონ ქარდავა (ქარდა ქარდუხი), ეკონომისტი და ბლოგერი გიორგი ჯახაია, პოეტი რობერტ მესხი, ისტორიკოსი თენგიზ გასვიანი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი და ბევრი სხვ.) დღეს ძალიან წარმატებული ადამიანია. მე, ალბათ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის „აღმოსავლეთმცოდნეობა“-ში წავიდოდი. მაგრამ, მაშინ ყველანი სოხუმში დავრჩით და „სოხუმის ფილიალის“ სტუდენტები გავხდით…
1991 წელს სტუდენტი გავხდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ სულ ორიოდე წელიწადში ეს უმაღლესი სასწავლებელი იქნებოდა ერთ-ერთი კუნძული თუ ხიდი, რომელიც მშობლიურ აფხაზეთს დაგვაკავშირებდა.
როცა უნივერსიტეტში შევდივარ, ასე მგონია, რომ ჩემს კუთხეში – აფხაზეთში ვიმყოფები და წამიერად მავიწყდება დევნილობა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი „მცირე აფხაზეთია“ ენგურსგამოღმა საქართველოში.
ჩვენ ერთად დავბრუნდებით ენგურსგაღმა საქართველოში.