რატომღაც მომინდა ეს ლექსი გამეზიარებინა დღეს და ახლა თქვენთვის!
📚მამა ადამი
🐻დათვი
საით მიძუნძულებ თავჩაქინდრული,
ძაღლივით საბელზე გამობმული?
უცხო ტომის ქალს უკან რომ მისდევ,
წლებით, წონით და სიდუხჭირით დამძიმებულს,
და იქნებ ქველმოქმედადაც მოგაქვს თავი,
აკი არაფერს აპროტესტებ?!
ქალსაც საბელის ბოლო ჩაუბღუჯავს იმედივით,
ხოლო კისერზე – ფოტოაპარატი.
სასტუმროს ბინადარნი, ალიონის ზღვანაგემნი და მთვლემარენი
აივნებიდან აყოლებენ თვალს
ზღვის ავანსცენაზე გამოსულთ –
სიმინდის, საჰაერო ბუშტების, ხილის,
ქოთნიანი მცენარეების,საცურაო ლეიბების,
ნაყინის, სამაშველო რგოლების, ღვეზელების
და მისთანათა გამყიდველების ჭრელ არმიას
და ამათ შორის –
ორიოდ თვის ბელს (ტყვესა და მონას)
და უცნაურ ფოტოგრაფს
(შეთავსებით და შესაბამისად – მონათმფლობელსა და ბადრაგს),
პლაჟზე უთენია რომ გამოჩნდნენ პირველად
გასულ პარასკევს…
საით მიძუნძულებ?
შენ გელაპარაკები! საით მიძუნძულებ–მეთქი?
დაგავიწყდა, შენ დათვი ხარ, მერე რა რომ ჯერ ბელი?
არ იცი, სადამდე მიგიყვანს ეს მონური კეთილდღეობა?!
რას ბურდღუნებ, ერთი მაცოდინა, რას?
ასე ლუღლუღებენ, ალბათ, ჩვილი დათვები.
იმას კი ვხვდები, განა ვერა, რომ მშობლების ბუნაგიდან,
ერთი-ორი კვირისა იქნებოდი, მოგიტაცეს,
მაგრამ სისხლი? სისხლი ხომ არ გადაუსხიათ ჯერ შენთვის?
ნუთუ დათვობის გენი ამოგაჭრეს როგორღაც?
და თუ მართლა ამოგაჭრეს, კვალი ხომ უნდა დარჩენილიყო –
აგერ როდინდელი დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს სათაფლიაში!
თაფლის ხსენებაზე რაღაც ამოიღნავლე
იმიტომ, რომ დათვი ხარ!
ვიმედოვნებ და გელოდები,
რომ სწორედ აქ, ამ ნაპირზე,
სადაც ასე გამცირებენ ისინი, ვინც სიმამაცეს თამაშობს
უნიჭოდ და უგუნურად
დათვის ბელთან ფოტოსურათებით,
აქ, ქვებსა და ქვიშაზე,
საყელო და საბელშებმული დათვის ნაშიერი
ერთხელ უკანა თათებზე დადგები,
ერთს დაიღრიალებ
და, დამფრთხალი და შეშინებული,
თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა დიდი და პატარა!
ვიმედოვნებ და გელოდები.
არ დაგავიწყდეს, შენ დათვი ხარ,
არ დაგავიწყდეს!
2013🌿